ე, ბიჭო
ე, ბიჭო… რა გჭირს, ასე ჩუმად რომ დგახარ? - არაფერი. - არაფერი ყველაზე მძიმე სიტყვაა, ძმაო. ე, ბიჭო… გახსოვს ის ეზო? ბურთი რომ ფანჯარას შეასკდა, შუშის მსხვრევის ხმას კი ჩვენი სიცილი გადაეფარა, და მთელი უბანი ჩვენს პატარა დანაშაულზე იცინოდა. მაშინ გვეგონა, ყველაზე დიდი უბედურება ერთი გატეხილი ფანჯარა იყო... - მაშინ არ გვეშინოდა. - მაშინ არც ვფიქრობდით, რომ შიში ასე ჩუმად შემოვიდოდა სახლში. ე, ბიჭო… დედაშენს თვალებში რომ უყურებ, ხედავ როგორ გეკითხება: კარგად ხარ? და შენ ისევ ამბობ: კი. - აბა რა ვუთხრა? - სიმართლე. - სიმართლე რომ ძვირია? ე, ბიჭო… ქუჩა არავის პატიობს, მაგრამ ყველას აძლევს შანსს იმავე ადგილას მეორედ აღარ დაეცეს. - და თუ ისევ დავეცი? - მაშინ ამომხედე. მე აქ ვარ. ე, ბიჭო… ჩვენი ჯიბეები ცარიელია, მაგრამ სიტყვები ჯერ კიდევ გვაქვს. - სიტყვებით რას ავაშენებთ? - ჯერ საკუთარ თავს. მერე - დანარჩენს. ე, ბიჭო… ნუ დაიჯერებ, რომ გვიანია. ღამე უბრალოდ გრძელია. დილა მაინც მოდის, თუნდაც ნელა. - და თუ არ მოვიდა? - მაშინ ჩვენ გავხდებით დილა, გესმის? ე, ბიჭო… არ ხარ მარტო. უბრალოდ ხანდახან უნდა თქვა - მეშინია. და მე გეტყვი - მეც. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)