ღმერთი, რომელიც პლაგიატია


ღმერთი პირველად მაშინ მოკვდა, როცა ადამიანმა მისი აღწერა შეძლო.

ყოველი სიტყვა, რომელსაც ღმერთს ვარქმევთ, უკვე სხვისი ნათქვამია.ყოველი სახე, რომელსაც ვხატავთ, უკვე სხვისი შიშია.ყოველი ლოცვა კი იმ ადამიანის ექოა, რომელსაც საკუთარი სიჩუმის შეეშინდა.

შესაძლოა, ღმერთი არასოდეს ყოფილა შემოქმედი.შესაძლოა, ის ჩვენი ცნობიერების უდიდესი პლაგიატია - არსება, რომელიც ყველა ადამიანის დაუმთავრებელი ფიქრიდან იპარავს თითო ფრაზას და მათგან მარადისობის ილუზიას აწყობს.

ჩვენ ღმერთს კი არ ვქმნით.ჩვენ ერთმანეთის ღმერთებს ვაკოპირებთ.
ბავშვი მამის ღმერთს იმახსოვრებს.მამა - თავისი მამისას.ხოლო ბოლოს აღარავინ იცის,სად დასრულდა გამოცდილება და სად დაიწყო გადმოწერილი რწმენა.

ფსიქოლოგიას აქვს უცნაური თვისება:

 ადამიანი იმას უფრო ადვილად იჯერებს,რაც საკუთარ თავში ვერ აიტანა. ამიტომ ღმერთი ხშირად იქ ცხოვრობს,სადაც ადამიანს საკუთარი სიბნელის შეხედვა აღარ შეუძლია.
იქ, სადაც სინდისი ტკივილს ვერ უძლებს,იბადება მსაჯული.იქ, სადაც მარტოობა აუტანელია,იბადება მარადიული თანამგზავრი.იქ, სადაც სიკვდილი პასუხს ითხოვს,იბადება უკვდავება.

შეიძლება ეს ღმერთი კი არა,ჩვენი გონების თავდაცვის უკანასკნელი მექანიზმია.
მაგრამ თუ ღმერთი მართლაც არსებობს,მას ალბათ ყველაზე მეტად სწორედ ეს დააღალატებდა - რომ ადამიანები მას აღარ ეძებენ;ისინი მხოლოდ მის შესახებ დაწერილ ასლებს კითხულობენ.

შესაძლოა, ნამდვილი ღმერთი არც ტაძარშია,არც წიგნში,არც ცაში.
შესაძლოა, ის იმ წამში იბადება,როცა ადამიანი საკუთარ თავში აღმოაჩენს აზრს,რომელიც აქამდე არავის უფიქრია.
იქ მთავრდება პლაგიატი.
და პირველად იწყება შემოქმედება.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი