ვეძებოთ გულები
გამორთეთ სინათლე, რომ მთვარის სონატა ვუმღეროთ მოხუცთა კიდევ ერთ პანსიონს, მათ, ვისაც მეასედ დააკლეს პენსია, მათ, ვისაც ორ ლარში უდგენენ რაციონს. სალონზე გაკრული გვიანი აფიშა, ბოლო ვაგონიც მოსწყდება ლიანდაგს, დათოვლილ ბურუსში გაისმის ჟარგონი, რა ნაადრევად დაგვაგვიანდა! ცოტაც და მეგობარს ერქმევა მოსისხლე, სიცილით წაგაცლის თავს, როგორც ,,ბაცილას", მივყვები ჰორიზონტს გადაღმა ვერტიკალს, ნიანგის ცრემლებით გამომაცილეს. ვყვებოდი ლექსებად წოდებულ ტკივილებს, რითმებად წოდებულ ცრემლიან გალობას, ვეძებდი უხილავს ხილულთა დასტაში, ვითხოვდი სიყვარულს — უდაბნოს წყალობას. მატერიკს ამჩნევდა იდეალს უფალი, მიხმობდნენ ზეცაში მიწახორცდაკარგულს, სულიდან მომეხსნა სისხლხორცი ბორკილი, დავყურებ ჩემს ცხედარს, ახლახან დამარხულს. ვიცხოვრებ ისეთად, როგორიც შემქმენი, არჩევანს დაგითმობ, ყაბულს ვარ არადანს, გითხარი და როგორც ადამმა ვიცრუე, ავყევი ცოდვებით დახუნძლულ ქარავანს. მერე რა? ყველანი ვართ ცოდვის შვილები, მერე რა? თავგზა თუ ხანდახან გვერევა, დამღალა ამდენი „მერე რას" მოსმენამ! წადი და დამტოვე ფიქრებთან, რითმებთან, წადი და დამტოვე, რადგანაც მაუწყეს, რომ ერთხელ მოვედი და მალე მივდივარ, რადგან შენ ჩემს სულს ფეხი ვერ აუწყე. მივდივარ, რომ შევხვდე მათ, ვისაც ვჭირდებით, ხურდაზე, ვახშამზე, ყველაზე მეტადაც. მათ — ვისაც აკლიათ სითბო და ნუგეში, მათ ვისაც სიყვარულს არასდროს უყოფდნენ... აანთეთ სინათლე, ვეძებოთ გულები. ვეძებოთ. ვეძებოთ! რადგანაც დაკარგეთ... ეს არის სიმართლე, მახინჯი სულები, ლამაზი ცხედრებით სადღაც გადავმალეთ. სინათლე, სიმართლე, ღამე და სონატა... ვუმღერით მოხუცთა კიდევ ერთ პანსიონს, მათ, ვისაც შვილებმა დააკლეს ცრემლები, იმათ, ვინც უფლისგან მოელის პენსიას. 2014
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი