აქა ამბავი ერთი ადამიანის სატკივარისა


შენ სიფრიფანა ქუდი გეხურა, 
როს მე ვენახში ვიდექ გლეხურად, 
ცაზე ვარსკვლავთა იყო კიაფი, 
იფანტებოდა ჩვენ წინ წყვდიადი. 
თბილ ცისარტყელებს აფრქვევდა მიწას 
შენი თვალები, და მათზე იწვა 
სევდა მომავლის...
ერთი ზღაპარი არგუნა ბედმა 
კაცსაც და ქალსაც, ბავშვსაც და დიდსაც, 
ამოდიოდა თბილი მზე გულში, 
დნებოდა ღვინის წვეთები პურში. 
მერე... ვუსხედით ჩვენს ტაბლას ბაღში, 
ქარი არხევდა ფოთლებს ივლისის, 
ვეფიცებოდით ერთმანეთს გრძნობას 
და სიყვარული ტანში გვივლიდა. 
ზღვის ტალღებს ფერი დაკრავდა შენი, 
უკრავდა ღამე თავის მუსიკას, 
არ გვადარდებდა სხვა დანარჩენი, 
აურზაურით ვიკლებდით შუკას. 
მე კი ჩავფიქრდი... ყოველი წუთი, 
მივხვდი – მტარვალი, შენ თავს მართმევდა, 
ცხოვრების სახდელს რომ ყველა იხდის, 
არ რჩება მიწა დაუსახლებლად. 
დავღონდი... რადგან, უნდა დასრულდეს, 
თურმე, რაც ჩვენ ორს შორის დაიწყო, 
ვერ გაექცევა ვერავინ აწმყოს 
და მომავალიც თავის ხარკს ითხოვს...

2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი