მინიმები
ცხოვრების კანონი როდესაც, ჩვენ თვალწინ, ტყდებიან ტოტები, სამყარო გვირიგებს მითიურ ტოტემებს. აუცილებლად შენ უნდა ნახო კილიმანჯარო, ოღონდ გახსოვდეს, არა საჯაროდ! სატკივარი მისნისა წამის ყოფა მერჩია საქმეს მარადისობის, ვმკითხაობდი ნიშნებზე, ვიჩემებდი მისნობას... სინანული ვეძებდი შვებას და გაქცევას ოთხივე კუთხით, ვერაფრით გახდა ჩემი ხორცი სულის საკურთხი. მოგონებანი გარდასულ დღეთა ჩვენც გავურბოდით ცხოვრებას სასმლით და არ შეგვიკრავს ვნებები თასმით. ბრძოლა დაუცხრომელი გამოიცდება შენი სიმტკიცე, ნუ ღელავ, რადგან არა ხარ მარტო! ცხოვრება წუთებს ჰკრავს, როგორც ფიცრებს, საცხრააპრილოდ და საცხრამარტოდ. * * * ასე მგონია, ჩემს სულში ახლა, აურაცხელი არსება სახლობს; ყველა მოელის საკუთარ სახრავს, ყველას თავის იდეა ახლავს. * * * გადაშლილი მაქვს სამყარო თვალწინ, ღონდება ზეცა და მიწას აწვიმს. წერტილი სულ ცოტა ხნით, რომ არ გვეპოზიორა, იქნებოდა ყველაფერი იოლად საზღაური ყველაზე მეტად, ეს მისვლა-მოსვლა ჰგავდა სამსახურს და ის მივიღეთ, რაც ორივემ დავიმსახურეთ. გულში ამინდი იდგა ისეთი მძიმე, როგორც შეხვედრა საკუთარ თავთან. გახსოვდეს ცხოვრებას ბევრი ტკივილი მოაქვს, მაგრამ სიხარულს თავისი დრო აქვს. გულის სიღრმეში სჯერა კი ვინმეს, რომ არაფერს არა აქვს აზრი, რომ ვართ სტუმარნი კაცნი მხოლოდ ,,ამაო ბაზრის?" დღესაც სიყვარულს ისევ აცვამენ ჯვარზე, ისევ არა გვაქვს ვერცხლი სამყოფი, არ გვესმის შენი კაკუნი კარზე. * * * ჩვენ ყველას გვიჭირს დატევა ნიჭის და გულს გვიღრღნიან მუდამ ეჭვები, ბევრს არ ხვდა წილად ნაყოფი ფიჭის, მაგრამ არ უმზერს ზეცას ყვედრებით. * * * როცა ჩიტი ჭიკჭიკებს, შენ ჰამაკში ნებივრობ, ხვდები, მთელი სამყარო შექმნილია ნებით რომ. რა დრო გავიდა ვიმსხვრევი ათას ნამსხვრევად და ისევ ვიწყებ თავიდან, რამდენი ვინმე წავიდა, უფალო, რა დრო გავიდა... კითხვა სარკიდან შენ, წუთისოფლის ბარგი-ბარხანავ, ადამიანად ვარგიხარ განა?! ნატვრა ზღვა ხომ ლურჯია, მეც მინდა ვიყო, ღმერთო, მიბოძე შენი მისხალი, დამაძლევინე ფიქრი ბოროტი და გამითენე დილა სისხამი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი