ყოფის სიმწირე
ორი დღითა ვართ ამ წუთისოფლად, ვიღვრებით ფიქრად, ცრემლად და ოფლად, ვეძებთ სიყვარულს და ვპოვებთ სევდას, წავიღებთ ტკივილს, დავტოვებთ ელდას. სულს ხუთავს მიწა, ვერ ვწვდებით ზეცას, ვეპოტინებით ოცნებას ათასს, გულს ვუშვერთ მზის სხივს, ვცლით სავსე თასებს, მაგრამ ვერ ვიცვლით ბუნებას ჩვენსას. გვღუპავს სიჩქარე, ვერ ვიცდით მაინც, ვერ ვარჩევთ რადგან მართალს და მტყუანს, ყოველ იანვარს მოველით მაისს, აკრძალულ ხილზე ვერ ვამბობთ უარს. გადიან წლები და ჩვენს სხეულებს, სულ უფრო მეტად ეტყობათ დაღლა, გულის სიღრმეში თავს ვგრძნობთ ეულად და ვერ ვიშორებთ მირიად დამღას. მაინც, გმირია ყველა ჩვენგანი! რადგან ღიმილის შემოგვრჩა ძალა, რადგან ცხოვრების სიგრძე და განი, შევიგრძნეთ და სვლას განვაგრძობთ კვალად. რადგან არ ვაძლევთ მარცვალს ბოროტის, სულში ფესვების გადგმის უფლებას, რადგან არ ვძვრებით შიშით სოროში, რადგან ქედს ვუხრით თავისუფლებას. ორი დღითა ვართ ამ წუთისოფლად. 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი