მეგობარს


შენ დაივიწყე წერა,
სათქმელს აღარსად ამბობ,
თითქოსდა, აღარ გჯერა,
თითქოსდა, აღარც დარდობ.

რასაც ადნობდი ლექსად,
არავის აღარ ანდობ,
ბევრი რამ დაილექა...
შენს თავთან დარჩი მარტო.

ეს კი ასეა, მაგრამ, 
მე ის მადარდებს უფრო, 
ტალანტს არ მატებ ნაგრამს,
მთელ დროს სხვა საქმეს უთმობ.

რადგან ვინც მოგცა ნიჭი, 
იმან იცოდა უკეთ, 
რა უშველიდა შენს სულს
და შენს გულისთქმას უთქმელს.

ახლა ხშირად სვამ უფრო,
მიძალებული სუფრებს,
თავს გრძნობ უმიზნოდ, უფრთოდ,
გულში ჩახედვას უფრთხი.

შენ დაივიწყე წერა,
სათქმელს აღარსად ამბობ, 
მაგრამ მე მაინც მჯერა, 
დაუბრუნდები ტატნობს!


2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი