* * *


ალაგებ თავში ფიქრებს,
როგორც ჩანთაში ბოთლებს,
და ნატრობ: იქნებ, იქნებ...
ქარი კი ფოთლებს იქნევს.
ირწევა სულში დარდი,
როგორც აკვანი ძველი,
გარეთ კი ისევ ბარდნის
და თოვლიც ვეღარ გშველის.
ნეტავ, ხვალ ვის რა ელის, 
შენ კეტავ გულის კარებს,
ყველა: მგელიც და შველიც,
სულ ბოლოს, რჩება კენტად. 
რა დაგავიწყებს თვალებს -
სანთლებს აღპყრობილს სვეტად,
თავის როლშია გველიც,
ცოდვა რომ გვძულდეს მეტად. 
ლოცულობ, ხატავ, დარდობ,
ვარჯიშობ, სვამ და მღერი,
მაინც არ კარგავ იმედს,
როგორც ღვთისმშობლის ერი!

ალაგებ თავში ფიქრებს, 
გარეთ კი ისევ ბარდნის,
არ გეშინია ფრენის
და უკვე აღარც ვარდნის.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი