* * *
ბევრი ცხოვრება გავლიე ერთში, ვგრძნობდი არასდროს მტოვებდა ღმერთი, ყოველთვის მედგა მშობელი გვერდში და მიზნად მქონდა ყოველთვის ერთი: მეცხოვრა ისე, არ შემრცხვენოდა, ჩემი თავისთვის თვალში ჩახედვის, სინდისი მთელი გადამრჩენოდა, ძალა მქონოდა ბრძოლის, გაბედვის. ბევრჯერ დავეცი, ბევრჯერ შევცოდე, მაგრამ არასდროს მითქვამს უარი, შევჭიდებოდი უმძიმეს ლოდებს, მეძებნა რწმენა, სადმე თუ არი. ვიქმოდი იმას, რისიც მჯეროდა, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე, ზღვასთან ერთობა მარად მშველოდა, და ხშირი ფიქრი მომავალ ჟამზე. ზოგჯერ არ ვგავდი არცერთ გარეშეს, არ ვგავდი ხშირად საკუთარ თავსაც, ვხვდებოდი მზის სხივს მშობელ მხარეში, ვიღებდი ხვედრად ავსაც და კარგსაც. ბევრი ცხოვრება გავლიე ერთში, ვგრძნობდი არასდროს მტოვებდა ღმერთი. 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი