ქალაქი სხეულში


დამღალა ქალაქის აურზაურმა,
შექუჩებულმა კორპუსებმა,
რომლებიც ჩასაფრებული ყაჩაღებივით
გვართმევენ სუნთქვას.

შაურმების ორთქლში ჩახუთულმა ქუჩებმა.
სუპერმარკეტების სქელმა,
პლასტმასის ტუჩებმა.

უჰაერობამ,
უმდინარობამ,
უბუნებობამ,
რომელიც ბეტონივით მყარდება სხეულში
და უკვე ვეღარ ვარჩევ
სად მთავრდება სხეული
და იწყება ქალაქი.

რაღაც სხვას დაეძებს სული.
ეძებს სიჩუმეს,
ეძებს სიმყუდროვეს,
სველი ბალახის უნაზეს სურნელს ეძებს,
თუმცა, უკვე აღარ მახსოვს
როგორი იყო ბალახი.

იჭყლიტებიან არწივები ზოოპარკში —
ფრთებს ვერ შლიან,
ცა არ ავიწყდებათ არასდროს,
მაგრამ აღარც ცა არსებობს მათთვის
და აღარც მშობლიური ზღვის შხეფები,
ნაცნობი თევზის დაჭერისას.

იჭყლიტება სული უხეო კედლებში —
უხმოდ,
უხილავად,
როგორც გაცვენილი თმა დახურულ მილში.

და ზოგჯერ მგონია,
რომ ის თმაც მე ვარ.

დადიან მანქანები
დღისითაც, ღამითაც,
როგორც გაუჩერებელი გულისცემა
ასფალტის,
რომელსაც აღარავინ უსმენს,
მაგრამ მაინც ცემს.

ახლობელი ზრდის სამ კატას.
კატები ზრდიან
ახლობლის ბავშვს
თავის ჭკუაზე —
უხმო კანონებით,
რბილი დიქტატით.

და ბავშვი ვეღარ არჩევს
ვინ არის ადამიანი.

და მე ვხედავ,
როგორ ვსწავლობ ამასაც —
რომ შესაძლოა,
ადამიანიც ერთობლიობაა ჩვევების.

ვერ ვძლებ
და მაინც ვრჩები აქ,
როგორც ფოსტალიონის
ჩანთიდან გადმოვარდნილი წერილი,
რომელმაც აღარ იცის რა გზას დაადგეს.

არ ვიცი ვის დავაბრალო
ჩემი განწყობა —
და არც აქვს მნიშვნელობა,
რადგან უკვე მგონია,
რომ დამნაშავის ძებნა
სულაც არ არის საჭირო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი