მე თუფაქა ვარ


მე „თუფაქა“ ვარ.
ყველა ასე მიცნობს,
სხვანაირად კი —
ძაღლების მოყვარული ლევანი.

1,75 სიმაღლის,
55 წლის.

ქუჩაში ჩემს გამოჩენას
მოჰყვება ალიაქოთი.
იცინიან ბავშვები,
თვალს მარიდებენ
უფროსები.

მე აქა ვარ —
თბილისში,
თემქაზე.

ჩემი წარსული იყო იკაროსი.
მე კი ყოველთვის
ფრენა მეწადა.

უწინ ჩემი სამოსი
იყო სუფთა,
გარეგნობა — სადა.

ახლა კი სადა ვარ?

მხოლოდ ნაცარი.

მე ვარ
უხელფასო „მენაგვე“,
ურნებში რომ დაეძებს
მოწყალებას.

ჩემი თმის სუნი,
კბილების სიშავე...

რა დავაშავე?

ალბათ ის,
ყოველთვის
ფრენა რომ მეწადა.

მიწაზე ფეხის დადგმა
ვერაფრით ვისწავლე.

წლებმა გაირბინეს,
როგორც ძაღლებმა
ნაგვით სავსე მოედანზე.

ჯერ ჩემმა სახლმა დამკარგა,
მერე კი
ახლობელთა სახლებმაც
დამივიწყეს.

და მაინც —

„არის რაღაცები,
რაც არასდროს იცვლება.“

ჩემი ჰუდი.

მე ვარ ,,თუფაქა" —
ძაღლების მეგობარი ლევანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი