მაპატიეთ
არ არსებობს ლექსი ცხოვრებაზე უმეტესი და სიტყვა საქმეზე უდიდესი. თუმც კი, ლექსიც ცხოვრებაა და სიტყვითაც შეიძლება საქმის კეთება. არ არსებობს გრძნობა სიყვარულზე უნაზესი, არც მასზე უმკაცრესი. გალურჯებული ტუჩებიდან, აკანკალებული თითებიდან, აბურძგლული კანიდან, ამოხაპული ზღვებიდან მოდიან ფიქრები და ჩვენს გულებში ივანებენ. მოდი და წერას თავი მიანებე! ასეთ დროს არ სვამ კითხვას, რისთვის ღირს წერა?! ამ დროს კალამს ეძებს სული გაშმაგებით, ამ დროს სურვილები ტანით გასკდებიან. მიწაზე ჯდები ჭიქა წყლით ხელში და უმზერ ცეცხლის ჰაეროვან გიზგიზს. გშანთავენ ფიქრები როგორც მუგუზლები. შენ თვალწინ კვდებიან პეპლები, იმსხვრევიან ოცნებები, ჩუმად ქვითინებენ ადამიანები. გინდა მიეშველო. გინდა მიეშველო. გინდა მიეშველო! და ვერ ეხმარები... ყელში გეჩხირება ერთად ყველა ლუკმა. ახირებულად გიმზერენ ხელებიდან თითები. თავს გრძნობ საშინლად, რომ აღარ ხარ ცუდად. მაპატიეთ!.. 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი