სახლი


სახლი – ეს არის ადგილი, სადაც 

მოგონებების სურნელი ბუდობს, 

სადაც ერთმანეთს ვუმხელთ სატკივარს, 

სადაც უაზრო საგნებზე ვჩხუბობთ. 

ვკამათობთ, ვდარდობთ, ვფიქრობთ და გვიყვარს, 

გრძნობის უმეტესს იტევს კედლები. 

ყველა სახლს თავის ასაკი ახლავს, 

ისიც ბერდება, როცა ვბერდებით... 

სახლი – ეს არის ადგილი, სადაც 

არწევდა აკვანს დედა ცრემლებით,

სადაც პირველად გადავდგი ფეხი, 

წარმოვთქვი სულის შესავედრები... 

ადგილი, სადაც ყვითელი ჭერი 

უსაყვედუროდ იტანს თამბაქოს, 

ადგილი, სადაც გაცვეთილ ფრაზებს 

ინახავს უფრო ძველი ლამბაქი. 

ვიცინით, ვტირით, ერთმანეთს ვსუნთქავთ, 

გრძნობის უმეტესს იტევს კედლები, 

ყველა სახლს თავის ასაკი ახლავს, 

ისიც ბერდება, როცა ვბერდებით...


2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი