მონოლოგი მამასთან


ვეღარ გავიგე, მე ვწერ სიცოცხლეს, 

თუ ჩემსას წერენ ეპიტაფიას.

საფლავის ქვასთან შემოვრჩი მარტო.

ვუძლებ. ზიზღს ვუძლებ და აპათიას. 

ვხედავ სამყაროს შენი თვალებით, 

ვამყარებ იმედს უიმედობის, 

შვებას ვერ მოგგვრის ჩემი ნაწერი, 

არ მსურს მოსმენა სხვათა ყბედობის. 

მე აჩრდილებთან ერთად მოვედი... 

შეხე ძმაკაცებს — შენთან არიან. 

ვინ თქვა, არ არის მეტი სიცოცხლე, 

სიკვდილის შემდეგ რომ სამარეა. 

ვაფერფლებ მიწას მოკლულ ოცნებებს, 

შენთან შეხვედრის ბავშვურ იმედებს, 

ტყვია ვერ მომკლავს, ვიცი, შენსავით, 

შენსავით თუკი მეც გამიმეტეს.

გაყინულ მიწას თუკი გაგითბობს 

ვერმოსწრებული შვილის ცრემლები, 

გულში ჩაგიკრავ, სანამ ზეცაში 

არ შეხვდებიან ჩვენი ხელები.

გულში ჩაგიკრავ და, როგორც მაშინ, 

შენ დაგიჯერებ, ამას გპირდები, 

გულში ჩაგიკრავ და, როგორც ბავშვი, 

უხმოდ, უცრემლოდ ავქვითინდები. 

მე აჩრდილებთან ერთად მოვედი;

შეხე ძმაკაცებს — შენთან არიან... 

მითხარი, ხვალე ხომ მოხვალ სახლში? 

შენი სიკვდილი რომ სიზმარია...


                                                                                         2012

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი