მატიანის ნატეხი
აბა, ვის რა ესმოდა, მეგობარო, დესმონდის, ალბათ, შენც ქვას ესროდი, პირისპირ რომ გენახა. ასე ხდება ყოველთვის, წუთისოფლად სულ არის, ვიშითა და ვაებით შესუდრული გულები. ახლა ვხვდები გუმანით, ცოტა თუ გადარჩება, ვინც კი არის ამქვეყნად, ერთი წუთით, სტუმარი. ურიოშო მუსაიფს, ნეტავ, გადავწყდომოდი, სად რჩებიან ქარქაშში, ხმალთ ვადანნი ბოლომდის. მტერზე მეტი, სალმობა კაცთა გაუტანლობამ, შინაურთა ქიშპობამ, მოიტანა ჩვენამდე. ვაკოწიწებ ჩემს სულში მატიანის ნატეხებს - ჩვენი მოდგმის ურიცხვ და უსასრულო ქარტეხილს... ამალეკთა ამალა ვერაფერმა დამალა. რისხვა მეფე დავითის - გრგვინვა სულთა მარეკის. ავაზაკთა კოლტები მიწებიდან გარეკეს, კერპთა შავი თვალები, ჰგავდნენ ძრწოლვით წალეკილს. წყალს მიჰქონდა სახლებთან, აჩეხილი მკლავები, ქვითინებდნენ ქალები, თარეშობდნენ ქარები. მითხარ, ვის უშველიდა ანდა ღობე ქვითკირის, სადაც ცეცხლის ენები გვამებს გემოს ატანდნენ?! რეკდნენ სულმოუთქმელად გლოვის მძიმე ზარები, უფლის ძალის წინაშე, კანკალებდა სატანა. ...მერე, ვარდებს სიცივით დაულურჯდათ ტუჩები, ჩემი ფიქრის სამანი, თრთოდა იასამანი... და მე ვხვდები გუმანით, ცოტა თუ გადარჩება, ვინც კი არის ამქვეყნად, ერთი წუთით, სტუმარი. 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი