მარად და ყველგან


მე წამოვალ, სადაც წახვალ, 
დაბრკოლებებს გადმოვლახავ, 
ლექსს დაგიწერ ისევ ახალს, 
და შემთხვევით სადღაც გნახავ. 
დამატყვევებს შენი მზერა, 
გაჩერდება ჩემთვის წამი, 
მეფე მინდა ვიყო წუთით, 
რომ დაგითმო ჩემი სკამი. 
დედოფალო სიყვარულის, 
სხვა ოცნებას როგორ ავყვე, 
მოზიარევ ჩემი სულის, 
შენთან ვიყო სიკვდილამდე. 
შენი ძილი გავხდებოდი, 
სიზმარშიც რომ დამეცავი, 
შევიცვლიდი მერე სახეს, 
ხელახლა რომ გამეცანი. 
მოვუსმენდი ყველა სიტყვას, 
დავკოცნიდი ლამაზ ბაგეს,
შენი სული უწამლებდა 
ჩემი სულის სისაძაგლეს. 
რომ შემეძლოს ვიყო ღმერთი, 
სიყვარულს შენ გიწოდებდი. 
უკვდავყოფად ჩემი გრძნობის, 
უკვდავებას გიბოძებდი. 
და რომ ვიყო მე სატანა, 
აღსარებას გაგანდობდი, 
სასიკვდილო ჩემი ცოდვის 
პატიებას შენ შეგთხოვდი!

                                                                                        
2012

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი