დაზუსტებებით
სიგარეტის ნამწვავებს (ჩემს გრძნობას რომ ამწვავებს) შენს თვალებს და წამწამებს (მე რომ დღემდე მაწამებს) თოვლის ფანტელს შეურყვნელს, იადონის გალობას, ხან ეშმაკის ცივ მზერას, ხანაც — უფლის წყალობას, ვაგროვებდი ყოველდღე სიყვარულზე ოცნებებს, ტკივილებს და სიხარულს (ახლა რომ გაოცებენ). ვეწეოდი თამბაქოს (ალკოჰოლიც მიყვარდა), იცი, ჩემი ცხოვრება ბოჰემურს რომ მიჰგავდა... (ხვდები, რაზე ვსაუბრობ, ბოჰემური რაღაა), ვიცი, ნუ შემახსენებ — ჩემს თვალებში დაღლაა. იცი, რამ გადამღალა, სევდით რატომ ავივსე? რაც შენ გულს გატკიებდა, ჩემად გავითავისე. ჩემი ჭიქა შევივსე (შენი დარდით ვთვრებოდი), შენ რომ დიდხანს გეცოცხლა, მე ტკივილით ვკვდებოდი. ჭიქას მოჰყვა ფიალა (ისევ — შენზე ოცნების), ღვინო არ გავიკარე (დრო არ მქონდა მოცდენის). მუდამ შენზე ვფიქრობდი (იცლებოდა ყანწები), ღამე მესიზმრებოდა სანთლისფერი ღაწვები. მეკითხები, რამ მომკლა (მაშინ რატომ არ მკითხე? სიტყვა არ მათქმევინე, გამიბრაზდი, გამკიცხე)... შენი დარდი ვიდარდე და ტკივილით ვკვდებოდი. ერთხელ შეგბრალებოდი, ალბათ, გადავრჩებოდი. 2012
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი