ჩვენ უკეთეს სამყაროში შევხვდებით


ვისაც უყვარს, მინდა ისიც უყვარდეთ, 
ტკივილი და ბოროტება განქარდეს, 
მიწა ზეცას დანებდეს და ჩაბარდეს, 
ჩემი სული ამქვეყნიდან აბარგდეს. 
ჩვენს სიცოცხლეს ჩამოსცილდეს რუტინა, 
იყოს ვარდი და ჯანდაბას ეკლები.
სამყარომ რომ დარდი შეგვასრუტინა, 
ისიც გაქრეს, გაგვიმრთელდეს ნეკნები. 
მოძალადე პაციფისტებს უარი, 
თავმომწონე ურჯულოებს ასევე.
მსურს, რომ მართალს აღარ ერქვას მტყუანი, 
ტკივილით და მონატრებით სავსე ვარ. 
განწყობა ხომ დღეში ათჯერ მეცვლება, 
დღეში-მეთქი, ღამეში კი ნუ მკითხავ... 
პირველ რიგში, ჩემს თავს ვერჩი, მერე სხვებს, 
ჩემი ლექსი ელის სულის წამკითხავს.
მინდა ვთხოვოთ რჩევა ყველამ მათხოვრებს, 
რადგან ფულით სული გაგვიმათხოვრეს;
მატერია ჩაენაცვლა იდეალს, 
მე კი ვზივარ, ისევ ვსვამ და ვეწევი.
რაც გამექცა, ვიცი, ვერ დავეწევი, 
ჩემს ოცნებებს ვუწოდებდი ნამწვავებს. 
მინდა ლექსზე დამეწვიოს მოყვასი, 
„წვეტიანი ოცნებები" მაწვალებს. 
რა მჭირს, მაინც ვერ გაიგებ, ამიტომ
თავის ტკივილს დავაბრალებ ყველაფერს, 
მთავარია სანთელივით მიყვარხარ, 
სხვას ვერ გეტყვი, სანატრელო, ვერაფერს. 
ვისაც უყვარს, მინდა ისიც უყვარდეთ, 
ახლა მხოლოდ ოცნებებში მეხვევი, 
მე კი ვიცი, სიზმარია ცხოვრება, 
ჩვენ უკეთეს სამყაროში შევხვდებით...
                                                                                             
2013

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი