მე უშენობა შენ შემაყვარე
ძვირფასო, ხეებს არ აქვთ ჩრდილები, დღეს აჩრდილები აკვრია ხეებს, მე უშენობა შენ შემაყვარე, ნუღარ მისტირი წარსულის დღეებს. მე ჩემი მზე მყავს, შენ შენი მთვარე, იყავი მასთან უფრო ქალური, მე უშენობა შენ შემაყვარე, შენი სახელი მაქვს აკრძალული. იყავი მასთან, ვისთანაც ნახავ, ქარიშხლის ნაცვლად სულის სიმშვიდეს, იყავი მასთან, მე ვეღარ მნახავ, ამოვიკვეთე შენი სიმსივნე. ძვირფასო, მაინც მოგმართავ ასე, სიძულვილისთვის არ მემეტები, რადგან ქალი ხარ და ყველა ქალში მოინახება არგუმენტები. ჩემი ცხოვრების დიდო შეცდომავ, ძვირფასო, მაინც მოგმართავ ასე, ჩემი წარსულის ვნებავ და ლტოლვავ, დღეს უშენობა მახარებს, მავსებს. წარსულო, აწმყო დავტოვოთ ასე, და მომავალი ნუ წამოგცდება. ვიცი, მაცდურო, შენი ღიმილით ბევრი ადამი ედემს ასცდება. ძვირფასო, ხვდები ვერ დამამარცხე, ვერ შემიცანი, ალბათ ამიტომ, შენს ხსოვნას მერვე ტალღას ვანარცხებ, რომ ზღვამ ვერასდროს ვერ გამორიყოს. ძვირფასო, ტალღებს დიდი აქვთ ძალა, რადგან არ ჰგვანან უსულო ფიტულს, ვიცი, დაჰყვები ზღვის სანაპიროს, ეძებ სიყვარულს ძველს და გარიყულს. აღარ ეცადო, ვეღარ მიპოვნი, აღარ დაუწყო სითბოს ძიება, მე გაპატიე, მაგრამ რა ვუყოთ, ლექსმა დაიწყო შურისძიება!.. 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი