გემი კაპიტნის გარეშე


ერთი გალონი თეთრი ღვინო, ისევ ფლეტურად, 

ფლეიტის ხმაზე პაისანოს ცრემლი ადგება.

დღეს სიყვარულში შეჯიბრება მიდის მეფურად, 

ქიშპობა, ღვარძლი, მაწანწალებს არ გვეკადრება!

უყვიროს დენიმ ნაბუშარებს თეთრი გემების, 

ლურჯ ტალღებს სიო მოზაიკად გულზე დაგვაფენს...

ვიშლეგოთ ისე, რომ ავიკლოთ მთელი პლანეტა, 

სიტყვა „ნორმალურს“, მეგობარო, ვერვინ გვაკადრებს. 

აუშვით აფრა, ბოდიშს ვუხდით გემის კაპიტანს, 

რადგან ამჯერად მის გარეშე უნდა გავცუროთ. 

ეს ზღვა უთუოდ უცხო მხარის ნაპირს წაგვიყვანს.

არ გჯერათ თქვენი ოცნებების? – გვჯერა ამჯერად! 

გავცუროთ ასე, მეგობარო და ის მესამეც, 

ჩვენ შორის რომ დგას გამუდმებით, თბილი მზესავით, 

მიგვიყვანს ბავშვურ ოცნებასთან თეთრი მტრედებით, 

გვიყვარდეს ასე, სანამ ზეცას მივეკედლებით. 

აუშვით აფრა, ბოდიშს ვუხდით გემის კაპიტანს, 

უყვიროს დენიმ მეზღვაურებს ლურჯი ტალღების!..

ეს ზღვა უთუოდ უცხო მხარის ნაპირს გაგვიყვანს, 

სადაც პოლარულ ნათებებად ჩავიკარგებით.
                                                                                            
 2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი