ექვსი დიდბატონის პარაბოლა
მიხო მოსულიშვილი ექვსი დიდბატონის პარაბოლა, ანუ “სადღაცასმაინცცოტათიოდნავთითქოსდაიქნებ” (ყოვლად უცნაური მილოცვა გურამ დოჩანაშვილს, სამოცი წლის იუბილესთან დაკავშირებითა და ერთი პატარა ხრიკის გამოაშკარავებით) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ამჟამინდელი რექტორი, პროფესორი ნოდარ გაბუნია ერთ ინტერვიუში აღნიშნავს: “რომანტიკოსთაგან ჩემთვის ყველაზე ახლობელი შუბერტი და შუმანია. ჩემი, როგორც მუსიკოსის ნატურა სწორხაზოვანია, არა ისეთი ელასტიური... ცხოველებს თუ შევადარებთ, მე ნაკლებად კატური ბუნება მაქვს, უფრო ძაღლური... კატის მიხვრა-მოხვრა არის მოცარტთანაც და შოპენთანაც, რაღაც შემპარავი მიხვრა-მოხვრა, კონტურებს თვალს ადევნებ და კუთხეს ვერ დაინახავ. ჰაიდნთან, ბეთჰოვენთან, შუმანთანაც ეს კუთხეები ჩანს. ამიტომ შოპენს, რა თქმა უნდა, ვუკრავ, მაგრამ სცენაზე გამოტანისაგან თავს ვიკავებდი, რადგან არა მქონდა რწმენა, რომ ეს ის იქნებოდა, რაც უნდა ყოფილიყო. მოცარტსაც არც ისე ხშირად ვუკრავდი. უფრო სიამოვნებით ვასრულებდი ჰაიდნს, ბეთჰოვენს, შუბერტს...” ასე რომ, ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილი ამ დაყოფით, როგორც დიად კომპოზიტორებში, ისე სხვა, ჩვეულებრივ და არაჩვეულებრივ ადამიანებში გვხვდებიან “კატისა” და პირიქით, “ძაღლის” ბუნების ინდივიდები. მაგალითად: კატაა ჰერმან ჰესე და ძაღლია თომას მანი. კატაა ვოლფგანგ ამადუს მოცარტი და ძაღლია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – ამას ჩინებული მუსიკოსი, პროფესორი ნოდარ გაბუნიაც გვიდასტურებს. კატაა დონ კიხოტი და ძაღლია სანჩო პანსა. და ჰერმან ჰესეს ავტობიოგრაფიული გმირი ჰარი ჰალერიც თავის ერთ-ერთ ჯადოსნურ სიზმარში სწორედ მოცარტის გრძელ თმას ჩასჭიდებია და ისე ქანაობს სამყაროში... მაგალითების მოხმობამ შორს რომ არ წაგვიყვანოს, ახლა იქნებ გურამ დოჩანაშვილის “ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოების” ერთი ფინალური პასაჟი გავიხსენოთ, სადაც ორჯერ არის დასახელებული - “ჰაერთ-დიადი მპყრობელები, ისე თვალნათლივ რომ არხევენ თავად მეუფეს, სრულიად ჰაერს, მისთვის (ესე იგი, აფრედერიკ მესთვის, ანუ თავად ავტორისათვის) ხანდახან ჩუმჩუმად და ხანაც – ძლიერ ხმამაღლა სათაყვანებელი ხალხი, დიდბატონები, სულ ექვსი კაცი: იოჰან სებასტიან ბახი. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი. ანტონიო ვივალდი. ჯოაკინო როსინი. ჯუზეპე ვერდი”. მიუხედავად იმისა, რომ ინჩი-ბინჩი არ გამეგება მუსკისა, რატომღაც მგონია, რომ ამ თავისებურ სიაში, თუკი ნოდარ გაბუნიას კლასიფიკაციას დავეყრდნობით, სულ “კატები” უნდა იყვნენ თავმოყრილნი. წლევანდელი “ცისკრის” მესამე ნომრისათვის ბატონ გურამთან რომ ვამზადებდი ინტერვიუს, ერთ შეკითხვაში – რომელი კომპოზიტორი გახსოვთ წერისას და საერთოდ, როგორ “ითარგმნება” მუსიკალური ნაწარმოები პროზაში მეთქი, “სადღაცასმაინცცოტათიოდნავთითქოსდაიქნებ” წავიეშმაკე კიდეც და მისი საყვარელი კომპოზიტორები ასეთი თანმიმდევრობით ჩამოვუთვალე: ბახი. ბეთჰოვენი. მოცარტი. როსინი. ვერდი. მოკლედ, თუ ამ ნაეშმაკარ ჩამონათვალს ბატონი გურამის ექვსეულს შევადარებთ, გამოვა, რომ - ოთხი დიდბატონი გავიმეორე, ორი გამოვტოვე და ერთიც თვითნებურად ჩავამატე... და თუმცა ამავე მოთხრობაში საკადრისი აქვს მიზღული “მთვარის სონატის” გენიალურ შემქმნელს, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, “ძაღლია” და მწერალს ისე არ ეთავისება, რომ თავის ექვსეულში მოახვედროს. კომპოზიტორი, რომელიც გამუდმებით უნდა მახსოვდეს და მახსოვს, ჰენდელიაო, მომიგო და თავისი ექვსი დიდბატონიდან მესამე ნომრად დასახელებული კომპოზიტორი უმალ აღადგინა ჩემს ნაეშმაკარ სიაში. როსინიზე, თავისი ექვსეულის მეხუთე “ჰაერთ-დიად მპყრობელზე” მაინცდამაინც აღარ უზრუნია – თქვენგან ჩამოთვლილი კომპოზიტორები, ტევად მტრავალწერტილიანად, ყოვლად აუცილებლები არიან, გააჩნია, სად და როდისო... კიდევ კარგი, ჩემი ნახრიკალი ხუთეულის ბოლოს მხსნელი მრავალწერტილი დავსვი, თორემ... როგროც არენაზე ნაბრძოლ ხარს ტორეროს დაშნა არ ასცდებოდა, ისე არ ამცდებოდა ბატონი გურამის ფარული რისხვა. უკვე დაბეჭდილ ინტერვიუს რომ გაეცნო, მერეღა მითხრა – მე რესპონდენტი ვიყავი, შენ – ინტერვიუერი, რომელი იყო ჩვენში ტორეადორი და რომელი ხარი, ძნელი სათქმელიაო! ხოლო, თუ როგორ “გადმოითარგმნება” მუსიკალური ნაწარმოები პროზაში, ურთულესი შეკითხვაა, ამომწურავი პასუხის გასაცემად მთელი გამოკვლევები დაგვჭირდებოდა, ისე კი, ორიოდ სიტყვით, “შეხამებითი საჭიროებისამებრო” – ასე დაასრულა ის პასუხი. ისე კი, თუკი ამას რაიმე მნიშნელობა აქვს, “სადღაცასმაინცცოტათიოდნავთითქოსდაიქნებ” მეც ვეთანხმები ჩვენს იუბილარს. მართლაცდა, მუსიკაში და ლიტერატურაში თანაბრად გაწაფული მომავლის მკვლევარის გამოსაკვლევია: სადღაცას – რა კავშირი აქვს “სამოსელი პირველის” აგებულებას იოჰან სებასტიან ბახის ღვთაებრივ ფუგებთან? მაინც – როგორ ხერხდება ვოლფგანგ ამადეუს მოცარტივით უკიდურესობათა წონასწორობაში მოყვანა და გასიმეტრიულება? ცოტათი – მისი პროზის ცალკეული პასაჟები, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელისა არ იყოს, რატომ არ იმეორებენ ერთმანეთს? ოდნავ – ანტონიო ვივალდივით როგორ მორაკრაკებს თუ გალობს მისი მოქნილი და სხარტი სტილი? თითქოსდა – ჯოაკინო როსინივით თავისუფლად რატომ ლაღობენ მისი პერსონაჟები? და იქნებ – მისი მოჩვენებითი ერთფეროვნების მიღმა, როგორც ეს ჯუზეპე ვერდისთან არის, თავზარდამცემი მრავალფეროვნება იმალება? აი, ასე - “სადღაცასმაინცცოტათიოდნავთითქოსდაიქნებ”! დიადი იოჰან სებასტიან ბახი ამბობდა, კარგად დაკვრა ძალიან ადვილია, მთავარია დროზე დააჭირო თითი საჭირო კლავიშს და დანარჩენ საქმეს ორღანი თავად გააკეთებსო. და ჩვენც, ამ ნათქვამის პერიფრაზირებას თუ მივმართავთ – წერაც ძალიან ადვილია, მთავარია სათანადო ადგილზე დაწერო საჭირო სიტყვა, დანარჩენი თავისით მოხდება... აი, აქ მთავრდება ეს პატარა ჩანაწერი, შეხრულებული იუბილარის მიერ თავის წიგნთან, “დაეძებდა”-სთან ერთად ნაჩუქარი “პარკერის” ფირმის კალმით და ვიდრე გამოგემშვიდობებოდეთ, სამოცი წლის იუბილე მინდა მივულოცო გურამ დოჩანაშვილს და ვუსურვო – კვლავაც ჩინებული ნაწარმოებებით გაეხარებინოს თავისი ერთგული მკითხველი. მდაბლად: მიხო მოსულიშვილი, 1999 წლის აპრილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი