დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად ახლობელი…


”ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო. მაგრამ, თუკი, როგორმე, წარსულში შებრუნება შესძელი, მერე კი წარსულიც გადალახე, მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები. განა სულ ამას არ ნატორბს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?!”
ოთარ ჭილაძე, ”მარტის მამალი”

ურუქი – დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად მოახლოებული ჩვენთან, მოახლოებული ამ კაცის მიერ, ვისაც დევებით სავსე ქუდი ეხურა…
ასეთად ვხედავდი მაშინაც, როცა ინტერვიუსთვის შინ მივუტანე შეკითხვები და კიდევ ერთხელ ვილაპარაკეთ…
ტელ ასმარის გორაკის მლოცველთა სკულპტურებს მაგონებენ თქვენი პერსონაჟები მეთქი და, გადაჭარბებული შეფასებაა ჩემი შემოქმედებისაო.
მე არ მეჩვენებოდა გადაჭარბებული, არც ახლა მეჩვენება…
“ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” – აი, ამ რომანში გააცოცხლა და გაიხსენა ურუქი – დიდი შუმერების დიდი ქალაქი და მანამდე კიდევ ათას ცხრაას სამოცდაორ წელს დაწერილ პოემაში – “თიხის სამი ფირფიტა”.
ყველა შეკითხვაზე მითხრა თავისი პასუხები, მარტო მე მომიყვა, თუ რას და როგორ ფიქრობდა, მერე თავისი ახლადგამოსული “მარტის მამალი” მისახსოვრა ძვირფასი წარწერით და ისე გამომისტუმრა თავისი სენაკიდან, თუკი სენაკს დავარქმევთ ხილიანზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ოთახს…
ფრანგულად გამოცემული “რკინის თეატრიც” მაშინ ვნახე. გერმანულადაც რომ ჰქონდათ ნათარგმნი მისი ნაწარმოებები, ვიცოდი უკვე. ნობელზე კიდევ ერთხელ რომ იყო წარდგენილი, ესეც ხომ ვიცოდი და, – ნეტავ, აიღოს მეთქი, – ჩუმად ვნატრობდი…
იქიდან რომ მოვდიოდი, ვერ ვხვდებოდი, – მწყენოდა თუ გამხარებოდა, მხოლოდ მე რომ მიპასუხა შეკითვებზე…
ვერც ახლა ვხვდები…
მე მხოლოდ ის ვიცი, სწორედ ტელ ასმარის გორაკის მლოცველებივით სდარაჯობენ თავიანთ გამოცანას ოთარ ჭილაძის პერსონაჟები, იმიტომ სდარაჯობენ, რომ ვერც ერთმა ზერელემ და ზედაპირულმა ვერ შეაღწიოს ავტორის სამყაროში, ჩვენი გრძნობებით შექმნილ ლაბირინთებში და ვინც კი იმ ლაბირინთების მოვლას შეიძლებს, ყველა აამაღლოს, ამ ცხოვრების მადლი თუ ტკივილი დაანახვოს და მიახვედროს, რომ “რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე, ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ”.
ოთარ ჭილაძე დიდი მთაწმინდელი იყო სიცოცხლეშივე, ანუ მარადისობის მკვიდრი გახლდათ და აკი დავადასტურეთ კიდევაც, მთაწმინდაზე რომ მივუჩინეთ განსასვენებელი.
არადა, რამხელა ბედნიერება იყო, ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობდა და ქმნიდა თავის უკვდავ შემოქმედებას…
“თუკი ურუქი უნდა დაინგრეს, მეც დავინგრევი ურუქთან ერთად. მე მირჩევნია, გულზე მეყაროს და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები” – ეს “თიხის სამი ფირფიტიდან” არის და რუსეთის გამძვინვარებული არმია რომ მოიწევდა თბილისისკენ გასულ წელს, მაშინ გამახსენდა და ახლაც ამას ვიტყვი ხოლმე ჩემთვის, მორიგ ქიმუნჯს რომ გვითავაზებს ხოლმე რუსი და, სრული და საბოლოო ოკუპაციით დაგვემუქრება…
ურუქი – დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად მოახლოებული ჩვენთან, მოახლოებული ამ კაცის მიერ, ვისაც დევებით სავსე ქუდი ეხურა…
თავადაც ასეთი იყო – დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად ახლობელი…

”ლიტერატურული გაზეთი”, #12, 16 – 29 ოქტომბერი, 2009

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი