ხაბარდა, „პიგმალიონი“ მოდის


(ალექსანდრ დიუმა)

მიდის დრო, მიედინება, ტრიალებს, ბრუნავს, ოღონდ მდინარესავით კი არა, – ყოვნდება კიდეც, ზოგჯერ თავის თავს უბრუნდება, თუმცა სხვანაირად, სხვაგან, მთლიანად კი არ იმეორებს თავს გადახდენილს. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მომავლიდან დაგვიბრუნდეს წარსული, ანდა პირიქით, წარსულში გავიხსენოთ მომავალი…

და აჰა, სადგურ მაღაროდან დაძრულა ტარანტასი, ეტლი ერთგვარი, მთელი ღამე უხრიგინია, სართიჭალაც გამოუვლია და მოდის, მოდგრიალებს, ოღროჩოღროზე მოაწკარუნებს ეჟვნებს. შიგნით კი მსუქანი, ზონზროხი, ხუჭუჭთმიანი ფრანგი მწერალი ზის, – ლამის აღურიცხავი დრამებისა და რომანების ავტორი, ამასთან, კავალერი რომელი და რომელი ორდენებისა აღარ, – ბელგიური ლომის ორდენი იქნება, საპატიო ლეგიონის, იზაბელა კათოლიკესი თუ სხვა და სხვა… ეს ის ფანტაზიორი დიუმა გახლავთ, რომელიც იმხანად, როგორც ანდრე მორუა იტყვის, – პარიზში თმის ბეწვზე ჰკიდია და ეს ბეწვიც ქალისა გახლავთ… ჩვენს მოგზაურს თან მხატვარი ჟან-პიერ მუანე წამოუყვანია, აკვარელებით რომ დაგვიხატავს გორგასლიან ქალაქს და აგრეთვე ვითომცდა მთარგმნელად ოხრანკისგან მიჩენილი, სინამდვილეში მოყურადე ვიღაც ნასტუდენტარი კალინო, დღესაც რომ ვერ გაუგიათ, ალექსანდრ ივანოვიჩია თუ ივან ალექსანდროვიჩი…

თბილისს უახლოვდება ტარანტასი და დეკემბრის პირველი დღე თენდება ხელახლა და რაღაი დათრთვილულია გარემო, აღარც მტვრის კორიანტელს მოიყოლებს ეტლი.

შედის, ქალაქში შედის ტარანტასი და რას ხედავს “ფრანციის უწარჩინებულესი მწერალი” დიუმა:

გზის გადაღმა, უფსკრულის სიღრმეში მტკვარი ბობოქრობს. მის ფერდობზე კი იარუსებად გადაშლილა და მდინარის ნაპირებამდეც ეშვება ქალაქი, რომლის სახლები მსგავსია დაწიოკებული ჩიტების გუნდისა, ისე რომ დამსხდარან აქა-იქ, როგორც მოხვედრიათ…

იმათი ტარანტასი უკვე მეხივით მიდგრიალებს მეეტლეთა ყვირილში: “ხაბარდა! ხაბარდა!”, რაც იმას ნიშნავს, რომ გზა მოგვეცითო.

მოდი, ჩვენც გზა დავუთმოთ მარტო საფრანგეთის კი არა, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწერალს, – დიუმა რომ თავისი წიგნების ფურცლებს სულსწრაფად გვაშლევინებს, საუკუნე-ნახევრის განმავლობაში გამოცდილი და არაერთგზის დამტკიცებული ამბავია. ჯერ კიდევ 1850 წელს ამბობდნენ, თუ კიდევ არსებობს რომელიმე დაუსახლებელ კუნძულზე რობინზონ კრუზო, ისიც, ალბათ, “სამი მუშკეტერის” კითხვაშია გართულიო, და მკითხველი შეიძლება იმის გახსენებამაც გაახაროს, რომ ალექსანდრ დიუმა-მამა თბილისისთვის “შინაური” მწერალია. მან ხომ 1858 წელს იმოგზაურა საქართველოში და მერე, თავისი მოგზაურობის შესახებ დაწერილი წიგნით “კავკასია” ლამის მთელ ევროპას გააცნო ჩვენი ქვეყანა, სადაც ასეთ სტრიქონებსაც ნახავთ:

“საბერძნეთი არის გალათეა, ოღონდ მარმარილოსი, საქართველო კი სულჩადგმული და ქალად ქცეული გალათეა გახლავთ”.

ხომ ხედავთ, რა მხიარული და სასაცილო ვინმე იყო ეს ჩვენი დიუმა-მამა, პიგმალიონობაც კი დაიბრალა…

„ლიტერატურული პალიტრა“,  # 7 (46), ივლისი, 2008 წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი