თბილისიდან ადევნებული მოჭრილი თავი


(ლევ ტოლსტოი)

1851 წლის 23 დეკემბერს მემკვიდრეობით გადმოცემული, აზარტული თამაშის ვნებას აყოლილი და ამით წამხდარი ფინანსური საქმეების გამოსასწორებლად უფროსი ძმის, ნიკოლაის მოწოდებით საიუნკრო გამოცდების დასაჭერად ტფილისს ჩამოსული ოცდასამი წლის ახალგაზრდა გრაფი ერთი აქაური ტრაქტირის საკუთარ ნომერში მისჯდომია მაგიდას და თავის ძმას, სერგეის ისეთ საბედისწერო წერილს სწერს, რომელიც ამიერიდან აღარ მოასვენებს სიცოცხლის ბოლომდე:

“თუ გინდა, კავკასიის ამბების ცოდნით დაიკვეხო, შეგიძლია თქვა, რომ შამილის შემდეგ მეორე პიროვნება არის ვინმე ჰაჯი-მურატი, რომელიც ამ დღეებში ჩაბარდა რუსების მთავრობას. ეს იყო პირველი მამაცი (ჯიგიტი) და მთელს ჩაჩნეთში სახელგანთქმული კაცი, რომელმაც ფლიდობა ჩაიდინა”.

უკვე მომდევნო წლის 23 აპრილს, როცა უკვე იუნკრად მიღებული ეს ახალგაზრდა ყიზლარის მახლობლად, მდინარე თერგის ნაპირზე მდებარე კაზაკურ სტანიცა სტაროგლადოვში მეოცე საარტილერიო ბრიგადის მეოთხე ბატარეაში ემსახურება ხელმწიფე-იმპერატორს და აჯანყებული შამილის დაღესტნის წინააღმდეგ იბრძვის, ქალაქ ნუხის (ახლანდელი ქალაქი შაქი აზერბაიჯანში) მახლობლად, გაქცევისას მოკლავენ ჰაჯი-მურატს და მის მოჭრილ თავს სახალხოდ ჩამოატარებენ ტფილისის სახაზინო თეატრში, სადაც თავშეყრილ ხალხში ჩვენი ახალგაზრდა გრაფის მომავალი მეგობარი, მწერალი ილია ნაკაშიძეც იმყოფება.

ჰაჯი-მურატის მოჭრილი თავი ლამის მთელი სიცოცხლე აედევნება არტილერისტს – სიზმარში თუ ცხადში; მთელი ცხოვრება შეეცდება მის დავიწყებას, მაგრამ მეთვრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ხუნძახში (ახლანდელ დაღესტანში) დაბადებული და შემდეგ ავარიის სახანოს ერთ-ერთი მმართველის, რუსული ჯარის წინააღმდეგ წარმატებით მეომარი შამილის უმამაცესი ნაიბის მოჭრილი თავი არა და არ დაეხსნება.

ამ ამბიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1904 წელს, სამოცდათექვსმეტი წლის უკვე სახელმოხვეჭილი მწერალი დაამთავრებს, შესაძლოა, თავის ერთ-ერთ უპირველეს შედევრს – ვრცელ მოთხრობა “ჰაჯი-მურატს”, სადაც იმ მოჭრილი თავის ასეთ აღწერილობას მეგობარი მწერლის, ილია ნაკაშიძის მიწვდილი ცნობის მიხედვით შექმნის:

“ეს თავი იყო გადაპარსული, თვალების ზემოთ გაგანიერებული თავის ქალით და შეჭრილი შავი წვერით და შეკრეჭილი ულვაშით, ერთი ღია და მეორე – ნახევრად მოჭუტული თვალით, ბოლომდე არდაჩეხილი თავის ქალათი, ცხვირზე შავად შემხმარი სისხლით. ყელზეც სისხლიანი სახვევი ეკეთა. თავზე მიყენებული ყველა ჭრილობის მიუხედავად, დალურჯებული ტუჩების წყობა ბავშვურ, კეთილ გამომეტყველებას ინარჩუნებდა” (ლევ ტოლსტოი, “ჰაჯი-მურატი”).

აი, ამის მერე მთავრდება თბილისში დაწყებული მოჭრილი თავის ამბავი 1912 წელს გამოქვეყნებული შედევრით; თუმცა, ვინ იცის, იქნებ არც მთავრდება და დღესაც გრძელდება?..


„ლიტერატურული პალიტრა“, # 7 (46), ივლისი, 2008 წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი