ამბავი „ჰელესას“ გამოცემისა


(საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის კატალოგისთვის)

„ლაზები მოხდენილი ხალხია, თავზე დაუდევრად შავ-დოლბანდ წაკრულები, პირატებს გვანან, შავი ზღვის მთელ სანაპიროზე ცნობილნი არიან, როგორც კარგი მეზღვაურები და მეთევზეები“.
ჯონ დოს პასოსი, სტატიიდან „გასაბჭოებული კავკასია“, 1921 წელი (ეს სტატია შედის წიგნში: Orient Express, 1927)

ეპიგრაფად წამძღვარებული სიტყვები ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა ჯონ დოს პასოსმა ბათუმში ყოფნისას დაწერა. მეც სულ იმას ვფიქრობდი ხოლმე, ლაზებზე მომეყოლა რამე, როგორც უბადლო მეზღვაურებზე და თანაც კომუნისტების ზეობის ხანაში გავრცელებული იმ ყალბი მითის საწინააღმდეგოდ, რომ თითქოს ქართველებს ზღვასთან კავშირი არა გვქონია, ზღვას მტრულ სამყაროდ ვთვლიდით ვითომ.
თანაც სულ მახსოვდა ჯონ დოს პასოსის ექსპერიმენტული რომანი „მანჰეტენ ტრანსფერი“, გამოცემული 1925 წელს და მინდოდა, რამე ისეთი მეც გამეკეთებინა.
და ერთხელაც, 2011 წელს, ბათუმში ყოფნისას, იქაური სოფლები სარფი და გონიო რომ მოვიარე, ზღვის პირას ვიჯექი, თოლიების წივილს ვუსმენდი და უცებ თვალწინ წარმომიდგა მედეა, როგორც ზღვა, როგორც ზღვის სტიქია – წყნარი თუ მღელვარე, მაგრამ დიდი იდუმალების მომცველი, მოულოდნელი და ღრმა. ესაა მთელს მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული ქართველი ქალი და, ნეტავი, დღეს რომ ეცხოვრა, როგორ მოიქცეოდა მეთქი, - ისევ მიეხმარებოდა თუ არა იასონს ოქროს საწმისის წაღებაში. 
ერთი წლის მერე უკვე მზად მქონდა ექსპერინეტული რომანი მედეას შესახებ, სახელად „ჰელესა, ანუ, ელი ელობდა, მელი მელობდა, ზღვა ფოფინობდა...“ (ლაზური საზღვაო კინორომანი, წარმოდგენილი ფელუკა `კირბიშის~ ბოლო მოგზაურობის ქრონიკებად, ანდა, თუ გნებავთ, ლაზი მხატვრის, ჰასან ჰელიმიშის გაცოცხლებულ ნახატებად).
კინორომანი „ჰელესა“ მრავალპლანიანი, მითო-რიტუალური სტილისტიკის ნაწარმოებია და ასახულია შავ ზღვაში ფელუკით მოგზაური ლაზი მკურნალების, კირბიშების თავგადასავალი, სადაც მთავარია ამ ოჯახის საიდუმლო წამლის რეცეპტის გადარჩენა. წიგნი ჩვეულებრივი რომანივით არ იკითხება, იგი შედგება 105 სცენისაგან, რომელთა გაცნობის შემდეგ მკითხველმა თავისი წარმოსახვით მხატვრული კინოფილმი უნდა „დაინახოს“. ამასთან, როგორც კინოსცენარის დაწერისას არის ხოლმე მირებული, ამ რომანისთვის სინოპსისიც დავწერე, რომელიც წიგნს დაერთვებოდა.
გამომცელობის ძებნაზე კი იმას ვიტყვი, რომ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ბოლოს არჩევანი `უსტარზე~ შევაჩერე, რომელიც ლიტერატურაში კარგად გაცნობიერებულ ქალბატონებს ეკუთვნოდათ და მედეა ჩემზე მეტად მათ უნდა ჰყვარებოდათ, წესით და რიგით. როგორც მერე აღმოჩნდა, არც შევმცდარვარ.
აი, ამგვარად წარვუდგინე ეს ნაწარმოები გამომცემლობა „უსტარს“ და მთავარი რედაქტორისა და დირექტორის მოწონების შემდეგ წიგნის გამოსაცემად მუშაობაც დაიწყო. გადაწყდა, რომ წიგნს თან დაერთვებოდა ლაზეთის დროშითა და რუკით გაფორმებული ბროშურა, სადაც რომანის სინოპსისი დაიბეჭდებოდა ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე (ამგვარი სინოპსისი წიგნთან სიახლე იყო ქართულ საგამომცემლო სივრცეში). დიდხანს ვფიქრობდით, თუ რა ნახატი უნდა ყოფილიყო წიგნის გარეკანზე. ჯერ ჰასან ჰელიმიშის რომელიმე ნახატი გვინდოდა, ბოლოს კი გადავწყვიტეთ, ნიკო ფიროსმანაშვილის გენიალური ნახატი „ზღვის სანაპირო ბათუმში“ გამოგვეყენებინა, რისთვისაც გამომცემლობამ საქართველოს ეროვნული მუზეუმისგან საავტორო უფლება შეისყიდა. წიგნის რედაქტირებაზე დიდი სიყვარულით იმუშავა მთავარმა რედაქტორმა, თამარ გელოვანმა.
მერე იყო სტამბა „ფავორიტი პრინტიდან“ მოტანილი წიგნის მაკეტი, ნამდვილი წიგნის ნახევარი ზომისა და მთლიანად დაბეჭდილი რომანით, რომელსაც დღესაც ვინახავ სახლში ამ წიგნზე მუშაობის დროის გასახსენებლად.
ყოველი წიგნის გამოსლა სიხარულია ხოლმე მწერლისთვის, მაგრამ „ჰელესას“ გამოსვლა უფრო მეტად იმიტომ მიხაროდა, რომ არც მე და არც გამომცემლობის თანამშრომლებს, დიზაინერ ლია სულაქველიძეს, დირექტორ თამარ ნაჭყებიას თუ სხვებს მონდომება და სიყვარული არ დაუკლიათ ამ წიგნისათვის.
მერე იყო ამ ნაწარმოების წარდგინება წიგნის მაღაზია „დიოგენეში“, კარგი მკითხველის გამოხმაურებები და მათ შორის, კრიტიკოს გიოგრი კაკაბაძის მშვენიერი წერილი „უცნობი საქართველო (მიხო მოსულიშვილის კინორომანის „ჰელესას“ გამო)“, რომელიც „ლიტერატურული გაზეთის“ 2012 წლის ივლისის ნომერში დაიბეჭდა.
2012 წელს გამომცემლობა „უსტართან არსებულმა ლიტერატურლმა სააგენტომ, რომელსაც თამარ ნაჭყებია მესვეურობდა, „ჰელესა“ წარადგინა ეფექტიანი მარკეტინგის ჯილდოს კონფერენციაზე (The Summit Marketing Effectiveness Award) ქალაქ პორტლენტში (ორეგონის შტატი, აშშ) ნომინაციაში: „მცირე ბიუჯეტი“, სადაც ამ წიგნს მიენიჭა ვერცხლის პრიზი, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ პირველად ქართულ საგამომცემლო სივრცეში რომანს თან ერთვოდა სინოპსისი ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო ყდას კი ნიკო ფიროსმანაშვილის დიდებული ნახატი ამშვენებდა.
2013 წელს კინორომანი „ჰელესა“ გახდა ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტი ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“. ამავე წელს რომანი წარდგენილი იყო კინოფესტივალ „ბერლინალეზე“ სექციაში „წიგნები ბერლინალეზე“. 
2015 წელს თამარ ნაჭყებიამ გამომცემელთა ერთ-ერთ კონფერენციაზე გაიცნო კაიროს გამომცემლობა Safsafa Publishing House-ის წარმომადგენელი, რომელიც აპირებდა ამ რომანის გამოცემას არაბულ ენაზე, თუმცა მთარგმნელის მოძებნა გაძნელდა.
წიგნის გამოცემიდან ექვსი წელი გავიდა და ამ რომანზე ფიქრი არა მშორდება. ამიტომაც დავთანხმდი საწარმოო გაერთიანება „ლირა პროდაქშენის“  CPU Lira Production პროდიუსერისა და კინორეჟისორის ლალი კიკნაველიძის წინადადებას, რომ ამ რომანის მიხედვით შეგვექმნა მხატვრული ფილმის სცენარი. 
წიგნებსაც ხომ თავიანთი ბედი და თავგადასავალი აქვთ, როგორც ადამიანებს და იმედი მაქვს, კიდევ ახალი ამბები გადახდება „ჰელესას“.

თბილისი,
2018 წლის 5 მაისი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი