შენზე, შენით, შენთვის, შენად…
(ეპიტაფია) ვწერდი შენზე, ვწერდი შენით… ვწერდი შენთვის, ვწერდი შენად... შენზე, შენით, შენთვის, შენად, - არა თავის გამოჩენად, სულთა ჩვენთა ზღვიურ ღელვად, ზოგჯერ სევდად, ზოგჯერ ლხენად... ვწერდი შენზე, ვწერდი შენით, ვწერდი შენთვის, ვწერდი შენად... შენზე, შენით, შენთვის, შენად, - ვიქცეოდი გულის ძგერად, ანდა სულაც უფლის ბგერად და ზეციურ ჰანგთა მღერად. ვეღარც შენზე, ვეღარც შენით, ვეღარც შენთვის, ვეღარც შენად... შენზე, შენით, შენთვის, შენად, - ვეღარ გავიკრიფე ენად, რადგან სამარეში ვწევარ და სიჩუმის ურჩი ტყვე ვარ. ვეღარც შენზე, ვეღარც შენით, ვეღარც შენთვის, ვეღარც შენად... შენზე, შენით, შენთვის, შენად, - სულს მოუხმო მაღლით ზენამ, სად სამოთხეც და ძირს - ქვენაც, ჩემთვის ორივენი შენ ხარ... მაინც შენზე, მაინც შენით, მაინც შენთვის, მაინც შენად... შენზე, შენით, შენთვის, შენად, - აქაც მარტოოდენ მე ვარ და შორეულ ნათლის ჩქერად კვლავაც ულამაზესს გხედავ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი