ნათლის ჯარისკაცები...


(ციკლიდან: „დარდისას გეტყვი“)

უნივერსიტეტი რომ უმცროს ოფიცრებს უშვებდა ძირითად სპეციალობებთან ერთად, ის ოფიცერი გიყვებათ და ცოტაოდენი სხვა გამოციდლებითაც:
ჩვეულებრივი, 122 მილიმეტრიანი ჰაუბიცებით დაბომბვის ზონაში როცა ხარ, ჯოჯოხეთის კარიბჭეში გგონია თავი, ყოველი აფეთქების მერე განცვიფრებული რჩები, კიდევ ცოცხალი რომ ხარ, ჯერ რომ არ გადაგივლია ის კარიბჭე და სულ თავბედს იწყევლი, სიმწრით მიწა ჭამო ლამის, თან ჭამო და თან შიგაც ჩაძვრე, რომ ეგებ როგორმე გადაურჩე მომდევნო ბომბს...
მოკლედ, ძალიან მაგარი ნერვები უნდა გქონდეს, რომ ამ დაბომბვას გაუძლო და მერე შეტევაზე წამოსულ მტრის ტანკებს და იმ ტანკებს ადევნებულ ქვეითებს ისე დაუხვდე, როგორც საჭიროა...
რაც დღეს უკრაინის ქალაქების თავზე ჯოჯოხეთი ტრიალებს, 122 მილიმეტრიან ჰაუბიცებრზე გაცილებით დიდი დანგრევითი ძალის იარაღითაა მოწყობილი, -- თუნდაც იგივე, მაგრამ გაუმჯობესებული ჰაუბიცები იქნება, უფრო თანამედროვე ზალპური ცეცხლის სისტემები თუ რაკეტები, ზოგი დაშვებული და ზოგი კიდევ სულაც აკრძალული, კასეტური თუ ვაკუუმური... 
ამ ჯოჯოხეთში იბროდნენ ქართული ლეგიონის მებრძოლები გია ბერიაშვილი და დავით რატიანი, სადაც მათმა ქვედანაყოფმა მტრის სამი ერთეული „დესანტის საბრძოლო მანქანა“ (Боевая Машина Десанта – БМД), მათი ეკიპაჟები და ამათ მომყოლი, უკრაინული ჯარის ფორმაში გადაცმული მედესანტეები გაანადგურა და უკან დახევის დროს, ნაღმმტყორცნელების ცეცხლში მოყოლისას დაიღუპნენ, კიივის (და არა „კიევის“) მისადგომებთან მდებარე პატარა ქალაქ ირპინში... 
ნამდვილი ჯარისკაცისთვის წყევლაა ხოლმე ლოგინში სიკვდილი, ურჩევნია, ბრძოლის ველზე მოხდეს მოსახდენი...
ესენიც სწორედ ეგრე წავიდნენ, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი...
უკუღმართ დიქტატორს და იმის ტვინგამრუდებულ მასას შეეწირნენ, კვლავაც „ველიკაია დერჟავას“ აღდგენა რომ უნდათ დედამიწის ნახევარზე მაინც, თუ მთლიანად ვერა...
ნათლის მხარეს მეომარი ჯარისკაცები ზეცას მიდიან ხოლმე...
მდაბლად ვუხრი მათ თავს და ვიზიარებ ამ მეომრების თანამებრძოლების, ოჯახების და ახლობლების მწუხარებას...

19 მარტი, 2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი