აზატა, რომელიც მორევებს უყვარდათ
“აზატ” სპარსულია, თავისუფალს ნიშნავს. და მართლაც, ლაღი კაცი იყო. შეითან-ბაზარში იყიდდა საზამთროებსა და ნესვებს. მერე ვირის ხიდიდან სათითაოდ ჩაჰყრიდა მტკვრის წყალში და თავადაც თან გადაჰყვებოდა. კარგი მოცურავე იყო აზატა, ჰოდა, ცურვით შემოიკრებდა იმ თავის საზამთროებს და ნესვებს, და მტკვარდაღმა მიაცურებდა. ორთაჭალის ბაღებში საქეიფოდ თავშეყრილი დარდიმანდები რომ დაინახავდნენ, აზატა მოცურავსო, გაუხარდებოდათ – აზატას საზამთროც მოსულაო, და ატყდებოდა ძახილი: ორი საზამთრო და ზედაც ერთი ნესვი – აქეთ, აზატ, აქეთაო! არა, არა, აზატჯან, ჯერ აქ მაიტანე ეგ შენი საზამთროებიცა და ნესვებიცაო! პირდაპირ მტკვრის მღვრიე ტალღებში იღებდა აზატა შეკვეთებს, ცურვით გაჰქონდა მოლხინეებამდე და უკან ბრუნდებოდა – კვლავაც ცურვით მიჰყვებოდა მდინარეს. ის რა სუფრა იყო, სადაც აზატას საზამთრო და ნესვი არ გაიჭრებოდა!.. ბოლოს მნაცაკანოვის ხიდთან ამოვიდოდა, რახან მერე დიდი და საშიში მორევები იწყებოდა. მაშინ ორთაჭალის ელექტროსადგური ჯერ არ იყო აშენებული. ჰოდა, მტკვარაღმა მოუყვებოდა აზატა ორთაჭალის ბაღებს – უკან ბრუნდებოდა, იმ შეკვეთილი საზამთრო-ნესვის საფასურს აგროვებდა და თანაც, – აბა, ისე ვინ გაუშვებდა! – ყველა სუფრაზე თითო ჭიქით დაილოცებოდა. ჰოდა, ვირის ხიდამდე რომ მიაღწევდა, უკვე გვარიანად ირწეოდა ხოლმე… ერთ დღესაც, ზემოთ სუფრა-სუფრა მომავალ და თავისი საქონლის საფასურის ამგროვებელ, უკვე კარგად შეზარხოშებულ აზატას ერთ სიმთვრალისგან აბარბაცებულ სუფრაზე საზამთროს ნატვრის სიტყვები უთხრეს და – მოგიკვდეთ აზატაო! – თავი გამოიდო, უკვე თავადაც გვარიან ზარხოშში იყო. რაღა ბევრი გავაგრძელოთ, წაბარბაცდა, შეითან-ბაზარზე ხელმეორედ იყიდა საზამთროები, რამდენიმე ნესვიც გაიყოლა ყოველი შემთხვევისთვის, გადაყარა ვირის ხიდიდან მტკვარში და გადაჰყვა თვითონაც. მიცურავდა და მიიძღოლებდა თავის ხილს. თურმე, რამდენიმე სუფრასაც მიუცურა – ზოგს საზამთრო, ზოგსაც ნესვი, მაგრამ სიმთვრალით ვეღარ მოზომა, – მნაცაკანოვის ხიდს გასცდა იმ სახიფათო მორევებისკენ. გასცდა და იმ მორევებსაც ჰყვარებოდათ აზატა – მოეხვივნენ, ჩაითრიეს, დააბრიალეს თავიანთი ალერსით, წყალიც აყლაპეს და მართალია, ერთი-ორჯერ ზედაპირზეც ამოაგდეს, უკანასკნელად რომ დაენახვებინათ სარკესავით კრიალა თბილისის ზეცა, მაგრამ ისე ჰყვარებოდათ იმ მორევებს აზატა, რომ ისევ ჩაიხვიეს და მეტად აღარც გამოუჩენიათ… თურმე, აზატა რომ დაიხრჩო, იმისი უპატრონო ნესვები და საზამთროები თავის ნებაზე მიჰქონდა მდინარეს… მას შემდეგ, ვიდრე ორთაჭალის ელექტროსადგურის აშენებამდე, იმ მორევებს “აზატას ტალღები” ერქვა. ამ მორევებს ბევრი შეთამამებულიც უმსხვერპლია, მაგრამ დიდი სახელი იყო, – “აზატას ტალღებში” გასული მოცურავე ლამის პირველი კაცი იყო მტკვრის ნაპირებზე. “ლიტერატურული პალიტრა” # 7 (46) ივლისი 2008 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი