„ჯვრიდან ცოცხლებს არ ჩამოხსნიან ხოლმე“
(ჩანაწერი ციკლიდან: „დარდისას გეტყვი...“) ხულიო კორტასარის წიგნში „ჩვენ ძალიან გვიყვარს გლენდა“ ("Queremos tanto a Glenda", 1980) შედის ათი მოთხრობა, რომელთაგან მეორე იმეორებს წიგნის სახელწოდებას; უფრო სწორად, ამ მეორე მოთხრობის სათაური კრებულის დასახელებად არის გატანილი. ამას კი მაშინ აკეთებენ მწერლები, თუ ნაწარმოები გამორჩეულად მიაჩნიათ ხოლმე... მაინც რა ხდება ამ მოთხრობაში? უმშვენიერესი კინომსახიობის, გლენდა გარსონის (რეალობაში, ინგლისელი მსახიობი გლენდა ჯეკსონი Glenda May Jackson) ფანების ჯგუფი ბუენოს-აირესში, ვინმე ირასუსტას და დიანა რივეროს ხელმძღვანელობით იწყებს ყველა იმ ფილმის მოპარვას, რომელშიც გლენდა მონაწილეობს. ამას იმ მიზნით აკეთებენ, რომ ეს ფილმები შეცვალონ თავიანთ მიერ რედაქტირებული ვერსიებით, რათა აჩვენონ გლენდას „სრულყოფილება“. ისინი არაბ შეიხებსაც კი მოპარავენ პირად სარგებლობაში არსებულ გლენდას ფილმების ეგზემპლარებს და მერე შეცვლილ ვარიანტებს დაუდებენ. მოკლედ, ფანების ამ ჯგუფს ისე უყვარს გლენდა, რომ მის ყველა ფილმს გადააკეთებს თავისი შეხედულებისამებრ. როცა გლენდა აცხადებს, რომ კინოდან მიდის, ფანების ჯგუფი კმაყოფილია, გლენდას სახე ისეთი იქნება სამუდამოდ, როგორიც თვითონ შექმნეს, მაგრამ, მოულოდნელად, კინოვარსკვლავი გადაწყვეტილებას შეცვლის, -- აცხადებს, რომ კინოს გარეშე ვერ გაძლებს და საგანგებოდ მისთვის დაწერილ როლს ითამაშებს. ჰოდა, ბოლოს ბუენოს-აირესელი ფანები გადაწყვეტენ, რომ მოკლან გლენდა გარსონი, რადგან -- ვიმოწმებ ამ მოთხრობის ბოლო ფრაზას -- „ჯვრიდან ცოცხლებს არ ჩამოხსნიან ხოლმე“. ამ მოთხრობის წაკითხვისას თუ თქვენც მერილინ მონრო ანდა სულაც, ახლახანს გარდაცვლილი ლიკა ქავჟარაძე გაგახსენდებათ, მაშინ ჩემსავით იმასაც გაიფიქრებთ, რომ -- გამორჩეულს ყოველთვის მოკლავენ ხოლმე, სიტყვით იქნება თუ საქმით... და... მართლა რა მაგარი მწერალია ხულიო კორტასარი... 12 ოქტომბერი, 2017 P.S. მოთხრობა „ჩვენ ძალიან გვიყვარს გლენდა“ აქ უნდა წაიკითხოთ -- https://armuri.georgianforum.com/t951-topic#13700
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი