როდის ჩამოატარებენ კუბოს შენი გვამით
„- რას აკეთებთ, პოლკოვნიკო? - აი, ვზივარ, - მიუგო, - ველოდები, როდის ჩამოატარებენ კუბოს ჩემი გვამით“. გაბრიელ გარსია მარკესი - „მარტოობის ასი წელიწადი“ ალბათ, შემატყობდით, მარკესის დაწერილები რომ მიყვარს და სწორედ მაგისი ნათქვამია - „მე ვემსახურები ჩემი სამშობლოს ხალხს და არა ჩემი სამშობლოს მთავრობას“-ო. აი, ზუსტად ეგრე უნდა იყოს... ესენი მოვიდნენ, ისინი წავლენ, მერე ესენიც წავლენ და სხვა მოვა „ტუფასა საბაღნაროსა“, მაგრამ შენ როცა რაღაცეებს ჯღაბნი შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას და გალაკტიონის დონის მწერლების პატრონი ხალხისთვის, მარტო ამ ხალხისთვის და დედამიწის დანარჩენი ხალხებისთვის უნდა ჯღაბნო, თუ მაინცდამაინც ნიჭით ვერ გამოემგვანები ამათ, - და არა რომელიმე ქვეყნის რომელიმე მთავრობისთვის, შენი ქვეყნის მთავრობიდან დაწყებული... იოლი გზა სულაც არ არის ეს, შეიძლება შენი რომელიმე უკეთესი დაჯღაბნილი არ ითარგმნოს ხელისუფლების ფინანსური დახმარებით და საზღვარგარეთ გატანა დაუგვიანდეს, მაგრამ... თუ მართლა კარგი გამოვიდა შენი ნაჯღაბნი და იმისთვის „დაწერილის“ დარქმევაც შეიძლება, არ დაიკარგება, იმას ხალხი მოუვლის მაინც. და ხალხის მოვლა კიდევ ისიც არის, რომ - საძიებელ სისტემა „გუგლში“ როგორც კი აკრიფავ ორ სიტყვას შუაში დეფისით, აი, ეგრე: „ვაჟა-ფშაველა“ (ბრჭყალების გარეშე), მაშინვე უამრავ საიტს ამოგიგდებს... ხალხის სიყვარული ჰქვია ამას და თანხაში გამოხატულ მილიონებს თუ მილიარდ „ნობელის პრემიებს“ სჯობს... ამიტომ ჯერ შენც უნდა ჯღაბნო, მერე კი გაბრიელ გარსია მარკესის პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიასავით დაჯდე და დაელოდო, როდის ჩამოატარებენ კუბოს შენი გვამით, ხოლო შენი ნაჯღბნებიდან რომელიმეს „ნაწერი“ დაერქვას თუ არა, ამას შენი მშობელი და დედამიწის დანარჩენი ხალხები გადაწყვეტენ და არა რომელიმე ქვეყნის რომელიმე მთავრობა... სულ ეს არი... 2014 „ლიტერატურული გაზეთი“ #3 (115), 14 - 27 თებერვალი, 2014
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი