უფლის სახედარი და თავისით განათებული ანგელოზები
(ქრისტეშობისთვის კაპრიჩიო) გარეთ რომ ზამთრის გრძელი ღამეები დადგებოდა და მე შიგნით, მოგუგუნე ღუმელის შორიახლოს ვეთამაშებოდი ჩემს საკუთარ, განუყრელ ფისოს, ერთი ჯადოსნური ღამის მოლოდინში ვიყავი ერთთავად და როდის მოვა, როდის მოვა მეთქი, აღარ ვასვენებდი ხოლმე ქსოვაში გართულ ანეტა ბებიას. მოვა, არხეინად იყავი შენო, - მაიმედებდა. ... და ერთხელაც მკითხავდა - მე რომ ჯვარზე გაკრულ ღმერთზე გიყვებოდი, ხომ გახსოვსო? უცნაური სიხარულის თრთოლა ამიტანდა და ვეტყოდი - როგორ არ მახსოვს მეთქი! სწორედ ამ ღამეს დაიბადაო, - დასძენდა ჩემი თეთრთმიანი ბებია, - წესით და რიგით ახლა ეკლესიაში უნდა ვანთებდეთ სანთელს, მაგრამ არა უშავს, აგერ ამ ჯვარცმასთან ავანთებ, თან იმასაც გასწავლი, უფალს როგორ უნდა ელაპარაკოო და „მამაო ჩვენოს“ მათქმევინებდა. მერე კვლავ ღუმელთან ჩამოჯდებოდა, ქსოვას განაგრძობდა და მეტყოდა - ქრისტეშობა დღეს ანგელოზები მოდიან ქვეყნიერებაზე, ყველა ოჯახს მიაკითხავენო. საიდან მოდიოდნენ ნეტავი? ციდან მოფრინავენო. როგორები არიან მეთქი? ჩვეულებრივებიო. აბა, როგორ დაფრინავდნენ?! უფლის ნებითო. მოვლენ, დალოცავენ ადამიანებს და წავლენო. შემდეგ დასაძინებლად მომამზადებდა ბებია. მინდოდა, ჩემს ლოგინში დაეძინა კატას, მაგრამ არ მანებებდა მოხუცი. მაშინ ის ამბავი მომიყევი, სახედრები რომ არ ტირიან; მაინც არ უნდა დავიძინო ჯერ, ანგელოზები უნდა ვნახო მეთქი, ავხირდებოდი. სახედარი, საერთოდ, ძალიან ამტანია. მთელი სიცოცხლე შრომობს დაუღალავადო, - დაიწყებდა თხრობას ბებია და ისე მოულოდნელად აღმოვჩნდებოდი იმ ჯადოსნური ღამის სამყაროში, ვერაფერს ვიგებდი; და აი ახლა, მეოთხედი საუკუნის მერე, ლამისაა შუბლი ვურტყა მაგიდას, მაგრამ ვერაფრით ვერ დამიწერია ისე, როგორც მან მიამბო. მაინც უნდა ვცადო, მეტი რა გზაა: წყნარი ღამე იყო. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თავისით განათებულ ანგელოზებს გაევსოთ და იდგა რაღაცნაირად ნათელი წყვდიადი - სიკეთით, სინაზითა და სიყვარულით გაჯერებული. ერთი ბოსელი ჭრაქის შუქით იყო განათებული. იქ ლამაზი, ძალიან მშვენიერი ქალი მშობიარობდა და გაოცებული ისმენდნენ იმის შეკივლებებს პირიდან თივაგამოჩრილი ძროხები... როგორი ძროხები, ბებია? ძროხები ბალახს ახრაშუნებდნენ და იმ ქალის კივილზე პირებს აჩერებდნენ. მიხვდიო? რა სასაცილო ძროხები იყვნენ, ჰიიჰ! ხოლო ის სახედარი, აქამდე რომ მოიყვანა ფეხმძიმე ქალი, ისე იყო დაბმული, პირდაპირ მშობიარეს დაჰყურებდა დიდი, სევდიანი თვალებით და შუბლზე თეთრი ბალანი ჰქონდა, პაპაშენის გრძელყურასავითო. გასაგები იყო - მერე, ბებია, მერე?.. ბალახი კი დაუყარა პატრონმა, მაგრამ არ ჭამდა. უცქერდა, უცქერდა გაწამებულ ქალს, თითქოსდა იმისი ტკივილების შემსუბუქება უნდოდა. და იქვე შეშფოთებული კეთილი კაცი ტრიალებდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ეხმარებოდა მეუღლეს... მერე, იმ მშვენირემა ქალმა რომ იმშობიარა, იქაური მწყემსები მოვიდნენ თაყვანსაცემად. იმ კეთილმა კაცმა, სტუმართა თხოვნით, ჭრაქით სახე გაუნათა ახალშობილ, ნათელგადამდინარე ყმას და აი, სწორედ მაშინ გამოჩნდა სახედრის აწყლიანებული თვალები - თითქოსდა სიხარულის ცრემლით ტირისო, ასე მოეჩვენა ერთ მწყემსთაგანს; არადა, თითქოს კი არა, მართლა მოუგორავდა ცრემლი თვალებიდან და ქვემოთ, უკვე მიწაში ჩატკეპნილ, გამხმარ ბალახს ასველებდა. დიახ, ტიროდა, სულ ცერისსიმსხო ცრემლებს აღვარღვარებდა ყველაფრის ამტანი, მთელი სიცოცხლე მშრომელი, გრძელყურა, ყროყინა, შუბლზე თეთრნიშნიანი - მაინც სხვანაირი - უცნაურად გახარებული უფლის სახედარი... ... და ღამით ვხედავდი თავისით განათებულ უფლის ანგელოზს, რომელიც იმ მტირალა სახედარზე იჯდა და ჩემსკენ მოდიოდა დასალოცად, თანაც ძილში ჩამესმოდა კატის კრუტუნი - ეს ჩემი ფისო შემოიპარებოდა ხოლმე თბილ ლოგინში. დილით კი ბებიას შეკივლება მაღვიძებდა - აცხა, შე საძაგელოო! - კატას აგდებდა ჩემი საწოლიდან. მე უკვე ვწუწუნებდი - დამძინებია მეთქი. იყოო, მეტყოდა მოხუცი, თავზე ხელი გადაგისვა და წავიდაო... რამდენიმე დღის სიხარულად მყოფნიდა თავისით განათებული ანგელოზის ხელგადანასვამი თავი, პირს აღარ ვიბანდი, დახუჭუჭებულ თმას არ ვივარცხნიდი კაი ხანს, იმისი ხელმონაკიდი გამიქრება მეთქი. თანაც, რაღა დასამალია და, პაპაჩემის სახედარს ვუტრიალებდი შორიახლოს, ახლოს მისვლის მეშინოდა - მარიგებდნენ ხოლმე: მოერიდე, ტლინკი არ მოგარტყასო! - ნეტავი ესეც თუ ააღვარღვარებდა ცერისსიმსხო ცრემლებს, მშობიარე ღვთისმშობელი მარიამი და იმისი შვილი რომ ენახა მეთქი - ხშირად მიფიქრია. * წიგნიდან: „გედები თოვლქვეშ“, თბილისი, გამომცემლობა „საარი“, 2004 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი