„მეგაზეთე-ბიჭის კეპზე“, საათდეკემბროდ


(The Newsboy Cap)

ციკლიდან: „გზისა და მოგზაურისა“


„გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში
ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო...“
ტიციან ტაბიძე, ლექსიდან: „სერგეი ესენინს“, 1926

1.
ორმოცდათხუთმეტი წლის რომ გახდები კაცი, მერე ქუდებზე დაიწყებ ფიქრს, ძალიან რომ არ დაგიბეროს. მითუმეტეს მაშინ, თუ უკვე 2017 წლის ათი დეკემბერია, მთებიდან წამოპარულ ზამთარს უკვე ალყაში ვყავართ მოქცეული და ცივი ქარი მეტისმეტად გამჭოლად უბერავს, როგორც გარეთ, ისე სულში...
ამ კეპს დაინახავ და გგონია, რომ ეს როგორ არ იცი, ეს ხომ ეგრეთ წოდებული „ხინკალა“ ქუდია, წინაფრიანი თუ საჩიხიანი, ადრე მამებს და პაპებსაც ეხურათ ხოლმე, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან უფრო, თორემ იმის წინაც როგორ არა...
მაგრამ კარგად თუ დაუკვირდები, ეს სულ სხვანაირი კეპია და სულაც არაა „ხინკალა“ ქუდი...

2.
ეს უცნაური, ბერეტის ფორმის კარტუზიანი კეპი რეჟისორ სტივენ ნაითის მიერ გადაღებული სადებიუტო ფილმიდან „კოლიბრი“ (Hummingbird, 2013) დაგამახსოვრებთ თავს...
ფილმი იწყება ამერიკის ჯარების სამხედრო ოპერაციების კადრებით ავღანეთში, - ეს კადრები გადაღებულია უპილოტო საფრენი აპარატებიდან, რომლებსაც ოპერატორები „კოლიბრებს“ ეძახიან.
მოქმედება იწყება თებერვლის ლონდონში, როცა ორი იქაური რეკეტის-კაცი თავს დაესხმება უსახლკაროთა დასტას, მათ შორის - კარდონის ერთ ყუთში მცხოვრებ იზაბელსა (მსახიობი ვიკტორია ბივიკი) და ფილმის პროტაგონისტს - ჯოუი ჯონსს (ჯეისონ სთეითემი), სამხედრო დეზერტირს, ავღანეთიდან რომ გამოქცეულა ერთი წლის წინ და მძიმე წუთებში ჰალუცინაციები რომ შემოუტევს ხოლმე სწორედ ზემოთ ნახენებ-ახსნილი „კოლიბრის“ სახით.
იზაბელი გაურბის ბანდიტებს, ჯოუის კი რეკეტიორები სცემენ. ერთ-ერთი მათგანისგან თავის დაღწევის მცდელობისას ჯოუი შემთხვევით მოხვდება მდიდრულად მოწყობილ ბინაში და იქვე დაიმალება კიდეც.
მომდევნო დილას ჯოუი გაიგებს, ბინის პატრონი დეიმონი ნიუ-იორკში წასულა პირველ ოქტომბრამდე და რაკი თებერვალია, მთელი ცხრა თვე ეს ბინა თავისუფალია.
ჯოუი გადაწყვეტს, რომ აქ დარჩეს საცხოვრებლად. შეიჭრის გრძელ თმას, იპარსავს და იცმევს ბინის პატრონის ტანსაცმელს...
მწვანე და ფართობორტებიანი პალტოს ჩაცმის შემდეგ დევნილი დეზერტირი სარკეში შეათვალიერებს საკუთარ თავს, მერე ხელს გაიწვდის, იქვე ჩამოკიდებულ ტვიდის ქსოვილის ქუდს დაიხურავს თავზე და ერთხელ კიდევ გამომცდელად შეათვალიერებს საკუთარ ორეულს, - რაღაც უცნაური მოყვანილობის კეპი ახურავს, წინ გრძლად გადმოშვებული კარტუზით და სახეზე ნაიარევსაც ლამის მთლად უფარავს.
მერე ამ კეპით დაძრავს ბინის პატრონის კუთვნილ მანქანას, გაანაღდებს საკრედიტო ბარათსაც, კარგადაც დათვრება და პოლონელ მოწყალების დასთან, კრისტინასთან (აგატა ბუზეკი) მივა, უსახლკაროებს საჭმელს რომ ურიგებს, - ხუთას ფუნტს აჩუქებს და იზაბელის მოძებნასაც სთხოვს... და სულ იმ უცნაური კეპით დადის, მთლად კეპადაც ვერ ჩაითვლება, თან ბერეტიცაა...
თუკი ამ უცნაურმა ბერეტ-კეპმა თქვენი ყურადღებაც მიიქცია და დაგაფიქრათ, რომ რანაირი ქუდია ეს, რაც ჯეისონ სთეითემს ახურავს ამ ფილმში, საიდან და როგორ გაჩნდაო, მაშინ ამ ჩანაწერის კითხვა უნდა განაგრძოთ.

3.
„მეგაზეთე-ბიჭის კეპი“, იგივე ოქტაგონური (რვაკუთხა) ბერეტი-კეპი არის „კარტუზების“, ანუ კარტუზიანი ქუდების (რომელთაც საჩიხიან, ანუ წინაფრიან ქუდებს ეძახიან და რომელთაც ფრანგები მოიხსენიებენ, როგორც „კასკეტს“ La casquette) ერთ-ერთი სახეობა.
„მეგაზეთე-ბიჭის კეპი“ არის ყოველდღიური ჩაცმულობის ატრიბუტი.
ასევე ჰქვია: „მეპურის ბიჭი“, ბანდიტის კეპი, ვაშლა-კეპი, რვა ნაწილიანი კეპი, რვა პანელი, „კები“ (ტაქსისტი), ჯეი გეტსბი (ფილმიდან „დიდი გეტსბი“, ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომლის ავტორია ფრენსის სკოტ ფიტცჯერალდი), მეთევზის კეპი, „მსახური-ბიჭი“, ვაშლის-არყის ქუდი, „სტეტსონ ლუნდბერგი“, „ჩიზ ქუდი“ და ღარიბი ბიჭის კეპი.

4.
„მეგაზეთე-ბიჭის კეპსაც“ კარტუზიანი ქუდის მსგავსი იერი აქვს და წინ საჩიხიც, მაგრამ ამისი ფორმა უფრო სრულია, შეკერილია რვა პანელისგან და ზემოთ ღილაკით, რომელიც უკანა კიდისკენაა გადაწეული. ამიტომ ოქტაგონური (რვაკუთხა) ბერეტი-კეპიც ჰქვია.

5.
კეპის ეს სტილი პოპულარული იყო ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისში.
როგორს დასახელება მიგვითითებს, ეს ქუდი დაკავშირებული იყო მეგაზეთე ბიჭებთან. ეს კი გაუგებრობასაც იწვევს ხოლმე: მართალია, რომ მრავალი მეგაზეთე და სხვა გამრჯე ჯეელებიც ატარებდნენ ამისთანა ქუდებს და, მაგრამ არც სხვანაირებს იწუნებდნენ. და ამ სტილის კეპებს კიდევ სხვებიც იხურავდნენ.
კარტუზიანი ქუდები ძალიან დამახასიათებელი იყო ყველა კლასის ჩრდილო-ამერიკელი და ევროპელი მამაკაცებისათვის, მეოცე საუკუნის დასაწყისში და თითქმის უნივერსალურები 1910-იანი წლებისთვის, განსაკუთრებით მშრომელი, დაბალი ფენებისთვის. ამ პერიოდის მრავალ ფოტოზე ჩანს ეს ქუდები, რომელსაც ატარებდნენ არა მხოლოდ მეგაზეთეები, არამედ დოკერებიც, მეფოლადეებიც, გემის მემონტაჟეები, ლონდონელი Costermonger-ები (ქუჩის ვაჭრები, ხილ-ბოსტნეულისა და თევზეულის გამყიდველები), ფერმერები; ჩარლზ დიკენსის მთავარი გმირის, ოლივერ ტვისტის მაგვარი მათხოვრები; ბანდიტები, ხელოსნები და ათასნაირი მეწვრილმანეები. ამნაირი ქუდები დასტურდება იმდროინდელ რომანებში და ფილმებში.
ამ ქუდს იხურავდნენ მაღალ ფენებშიც, უფრო მეტად სამუშაოდან თავისუფალ დროს და ეს სტილი დაუკავშირდა სახელგანთქმულ სპორტსმენებს, მძღოლებსა და მდიდარ გოლფისტებს.

6.
„მეგაზეთე-ბიჭის კეპი“ პოპულარული იყო გასული საუკუნის ორმოციანი წლების ამერიკაში წარმოქმნილი ჰიპსტერების სუბკულტურაში.
სიტყვა The hipster მოდის ჟარგონული გამოთქმიდან to be hip, რაც ნიშნავს ისეთ ხალხს, ვინც „აზრზეა“ (ჩვენებური გამოთქმის: „აზრზე მოდი, ხიდზე გადის“ მსგავსად) და ჯაზის იმპროვიზაციული სტილის, „ბიბოპის“ თაყვანისმცემელი, გამგები და მცოდნეა, - ესე იგი, ჰიპსტერებს ესმოდათ, თუ როგორ და რას უბერავდნენ ალტ-საქსოფონისტი ჩარლი პარკერი, იგივე „ფრინველი“; მესაყვირე დიზი გილესპი, პიანისტები ბად პაუელი და თელონიუს მონკი, დრამერი მაქს როუჩი და ამათი მსგავსი სხვა ბოპერები.
ამ ჰიპსტერებში მწერლებიც ერივნენ: ჯონ აპდაიკი გინდა, ტრუმენ კეპოტე, ჯერომ სელინჯერი თუ ალან გინზბერგი...

7.
თუმცა „მეგაზეთე-ბიჭის კეპი“ მამაკაცური ქუდია, ოცდამეერთე საუკუნის მოსვლისას ხელახლა აღორძინდა, რადგან მისით დაინტერესდა კაცობრიობის უმშვენიერესი ნახევარიც.
ზაფხულში ბევრი გოგონა და ქალი ირჩევს ამ ქუდის რბილ, ბამბის ქსოვილის ვარიანტებს, რაკი ამ კეპის საჩიხი მზისგან იცავს, ზამთრობით კიდევ - უფრო თბილს, თუნდაც ტვიდის ქსოვილებისგან შეკერილებს.
„მეგაზეთე-ბიჭის კეპი“ ახურავს დრიუ ბერიმორის პერსონაჟს, დილან სანდერსს - რეჟისორ მაკჯის ფილმში „ჩარლის ანგელოზები“ (Charlie's Angels, 2000).

8.
შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მატყლის ქსოვილის „მეგაზეთე-ბიჭის კეპების“ ფართო არჩევანია ხოლმე.
კანადის ოლიმპიურ ნაკრებს 1998 წლის ნაგანოს (იაპონია) ზამთრის ოლიმპიადაზე ეს კეპები ეხურა...
ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბეკჰემი ხშირად დაიარება „მეგაზეთე-ბიჭის კეპით“ და ასეც გადაუღებენ ხოლმე ფოტოებს.
„მეგაზეთე-ბიჭის კეპი“ ახურავთ:
ლეონარდო დი კაპრიოს პერსონაჟს, ჯეი გეტსბის - ბაზ ლუმანის ფილმში „დიდი გეტსბი“ (The Great Gatsby, 2013).
რობერტ დე ნიროს პერსონაჟს, ვიტო კორლეონეს - ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში „ნათლიმამა II“ (The Godfather Part I, 1974)
ბრედ პიტის გმირებსაც...
მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, - ალბათ, თავადაც იოლად გაიხსენებთ მსახიობებსა და მათ პერსონაჟებს, ქალებსაც და კაცებსაც, „მეგაზეთე-ბიჭის კეპით“ რომ გამოჩნდებიან ხოლმე...
და არა მარტო მათ, პოეტებსაც და პროზაიკოს-დრამატურგებსაც, მხატვრებსა და მუსიკოსებსაც, პოლიტიკოსებსაც და განგსტერებსაც, და ვის აღარ...
იმედია, არც ჩვენი პაოლო იაშვილი დაგავიწყდებათ თავისი არტისტული კეპით, რომელსაც ზოგჯერ, როგორც ტიციან ტაბიძე გვეტყვის თავის 1926 წელს დაწერილ ლექსში „სერგეი ესენინს“, ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა, თურმე...

9.
ორმოცდათხუთმეტი წლის რომ გახდები კაცი, მერე ქუდებზე დაიწყებ ფიქრს, ძალიან რომ არ დაგიბეროს. მითუმეტეს მაშინ, თუ უკვე 2017 წლის ათი დეკემბერია, მთებიდან წამოპარულ ზამთარს უკვე ალყაში ვყავართ მოქცეული და ცივი ქარი მეტიsმეტად გამჭოლად უბერავს, როგორც გარეთ, ისე სულში...
ჰო, სულშიც, - ამა წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩის ოთხ ნომერში მომხდარი სადისტური მკვლელობა, როცა სკოლის ორი უფროსკლასელი დაპირისპირებული თანატოლების დანებით მიყენებული უამრავი ჭრილობებით გარდაიცვალა, იმის ნიშანია, რომ ჩვენი ოჯახი, სკოლა, სამინისტრო, მთელი საზოგადოება და, საბოლოოდ, მთელი ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია...
ეს პატარა ესკიზი შენთვის იწერებოდა, მკითხველო, - და სხვა თბილი ჩასაცმელის საქმეს რომ მოილევ, აბა, ეს კეპებიც ნახე, თუ გამოგადგება რომელიმე. აი, ამ სიტყვებით იგუგლება - Newsboy Beret Cap...
ჰო, ნახე, თორემ ხომ ხედავ, მთებიდან წამოპარულ ზამთარს უკვე ალყაში ვყავართ მოქცეული და ცივი ქარი მეტიsმეტად გამჭოლად უბერავს, როგორც გარეთ, ისე სულში მეთქი...

2017 წლის 10 დეკემბერი

დაიბეჭდა:
„ლიტერატურული გაზეთი“ #21 (253), 15 - 28 ნოემბერი, 2019 (ჩანაწერების ციკლი: „გზისა და მოგზაურისა“).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი