„მოხუცი მეთევზე“
(მინიატურა) „ერთხელ ჯუან-ძის ესიზმრა, რომ პეპელა იყო, მხიარულად მოფარფატე პეპელა და ვერ ხვდებოდა, რომ სინამდვილეში ჯუან-ძი იყო. მაგრამ უცებ გამოეღვიძა და ვეღარ გაიგო: ჯუან-ძის ესიზმრებოდა, რომ პეპელა იყო თუ პეპელას ესიზმრებოდა, რომ ჯუან-ძი იყო“. ჯუან-ძი (369 - 286 ქრისტეშობამდე) - „საგანთა თანაბრობის გამო“. ამ ბოლო დროს ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, საკუთარ ქალაქში (და ქვეყანაშიც) ემიგრანტი მგონია თავი - ემიგრანტი, საგანგებოდ რომ შეუსწავლია აქ მცხოვრებთა სალაპარაკო ენა, მაგრამ ადამიანებს ვერ ცნობს, იმათი საქციელის ვერა გაუგია რა… და ის თბილისი მენატრება, ოთხმოციანი წლების დასაწყისში რომ გვქონდა - სულ სხვანაირი… მაშინდელ ქალაქში ფერმწერ ომარ დურმიშიძის ერთი კარგი გამოფენა მახსოვს, ხოლო განსაკუთრებით ვიგონებ მის ერთ ნახატთაგანს - „მოხუცი მეთევზე“ ერქვა სახელად. დაბინდული ქუჩის ტროტუარზე ჩამომჯდარა მოხუცი მეთევზე, წინ - ყუთზე ერთი თევზი დაუდია. ისე დამჯდარა, რომ პერანგის ნაკეცები და სახეზე გაჩენილი ნაოჭები დაახლოებით ერთნაირი მოხაზულობისაა და უსასოობის, მიუსაფრობის გრძნობას გიჩენს. მიუახლოვდები ნახატს - იმედი უჩანს მოხუცს თვალებში, იქნებ შენ მაინც იყიდო მისი თევზი. უკან-უკან დაიწევ, მოშორდები, ახლა შორიდან შეხედავ და - არა, აღარა ჩანს იმედის თეთრი ნაპერწკლები, არც შენ იყიდე ის თევზი. მიუახლოვდები - იმედი უჩანს თვალებში, მოშორდები, - გაუქრება. კი დაეჭვდები, ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა გაიმეორო ეს ცდა, ყოველთვის იგივე შედეგს მიიღებ... მაშინ ოცი წლის ვიყავი, თითქმის ყოველდღე დავდიოდი იმ ნახატის სანახავად და ისე კარგად დამიმახოვრებია, რომ ახლაც თვალნათლივ ვხედავ. არა, ვხედავ კი არა, ის მოხუცი მეთევზე თვითონ ვარ და მე შემოგყურებთ პატარა იმედით იმ ნახატიდან - იქნებ ვინმემ იყიდოს თევზი… * წიგნიდან: „გედები თოვლქვეშ“, თბილისი, გამომცემლობა „საარი“, 2004 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი