ერთი სიმღერა, ერთი ლექსი, ერთი მზე ეყოს...


ჰოი, მივყვები ქუჩას და ახლა იქ, სადღაც მთებში,
ჟამმოწეული ციხე-სახლნი დგანან და უბრად
შვებას ეძებენ ხატად მოსულ იმ მაღალ ღმერთში
რომ, ყმანი მათნი მისულიყვნენ და არა სტუმრად.
მასპინძლობდნენ და ბანს აძლევდნენ კლდეებთა ექოს,
კვლავ უბატონო ვაჟებს ზრდიდნენ იქ, ცასთან ახლოს.
ერთი სიმღერა, ერთი ლექსი, ერთი მზე ეყოს,
ჯანღმოხვეულმა მთებმა ისევ მსურს გაიდარონ.
იქნებ, დევებიც კვლავ გამოჩნდნენ ჭიუხებს იქით...
მათაც დატოვონ ნაცრისფერი, უსახო ბინა...
თორო ამ ქალაქს რა მოაწყენს, ანდა პირიქით,
მეტისმეტნი ვართ მდგმურები და ამიტომ ცივა...
ცა გადაავსო ნისლმა ისევ არყისფერ ფიქრით,
ვეღარ გამიგავ ფიქრია თუ დარდის ხმა ცვივა...
ვაჩერებ დროს და წამით, ჩვეული რიტმით,
ვცდილობ დავადნო გულს ჩამდგარი უთოვლო ყინვა.
დაეკიდება ღამის ფსკერზე კვლავ თეთრი მთვარე,
ფსკერზე, რომელსაც დასასრული არსაით უჩანს.
ჩემი ლექსივით გათავდება ეს ერთი დღეც და მე
კვალარეული ნაბიჯებით გავყვები ქუჩას...
ამედევნება აჩრდილივით, ღამე გასული,
სისხლგამომშრალი მაჯებიდან ავავსებ კალამს.
ჩემი სამშობლოს სიდიადე, რა შორს წასული...
არც ბოლო მიკვირს, აღარც ფიცის, არც ფიცის არ მწამს...
და როგორ მწამდეს რომ პოეტებს აღარ აქვთ ძალა?!
ასჯერ იკლავდნენ თავს ღამეში და კვლავ იცოცხლონ...
ვეღარ ხატავენ რომ მხატვრები მინდვრისფერ ბალახს,
მუსიკოსი კი ვერ იმშვიდებს თავს რომ იცხოვროს...
აღარ ახლებთ ვაჟებს ქალთა თვალ და წამწამი,
რომ ტრფიალისფრად არ თენდება დღეს სადღაც დილა.
ქართულის როკვით დალეწილი გმინავს ტამტამი,
ქართველის გული, სადმე რამით რომ გადაღლილა.
რაად არა ვსთქვა, როცა სული ასე მიყივის,
რომ მონატრებამ, ამ სევდის თქმამ ასე ამრია.
ქალავ მე შენი ნაკვთებიდან ზღვა მზე მიღიმის
და ჰოი, ახლა ამ ქარივით მაგ თმებ შამრია...
შევატოვებდით წითელ რიჟრაჟს ქალაქს არეულს...
წამო, წავიდათ მთებისკენ ან წინ რაღა უდგას?!
მივყვები ქუჩას ნაღამები, ვგავარ მთვარეულს...
ქუჩას, რომელსაც დასასრული არსაით უჩანს...

მთიელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
დავით ანასტასიადისანასთეიშენ1 თვის წინ

ძაან კარგი ლექსია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი