კრიზისი
ვწერ და ვშლი. არ ვიცი რისი დატოვება ღირს. ბოლო დროს განვიცდი ყველანაირ კრიზისს, რაც შეიძლება განიცადო. ვფიქრობ. მტკივა. ვიწვი. რაღაც მომენტებში მგონია, რომ აღარაფერი იქნება უკეთესად. დიდი ხნის წინ შევეშვი დღიურის წერას. სიტყვები ფუჭია, როდესაც არ აქვს მიზანი და არ ჰყავს ადრესატი. ხანდახან მინდა, რომ ვწერო, მაგრამ ვწერ ისეთ ჩანახატს, რომელსაც ვერ გამოვაქვეყნებ. მეკითხებიან, რატომ არ ვაქტიურობ. მეუბნებიან, რომ ნიჭიერი ვარ. ალბათ არ არსებობდა ჩემ ცხოვრებაში, ამაზე ცუდი დრო. ყველაზე ცუდ პერიოდებშიც მეგონა, რომ რეალურად კარგი ვიყავი. ახლა აღარ მგონია. ვერაფერს ვიღებ, ვერაფერს ვცვლი. არ ჩანს გზა. არ ვნანობ სიტყვებს, რომლებიც უნდა მეთქვა. არ ვნანობ გამოტოვებულ ზარებს, რომლებსაც ვუყურებდი. ყველა ადამიანს საკუთარი თავისთვის გამოაქვს განაჩენი. უკან აღარ ვბრუნდები. ვისთვისაც დავბრუნდი, კარი ჩამიკეტა. მას შემდეგ ბევრი ღია კარი ვნახე. ვეღარ ვიგრძენი ის, რაც ადრე. წრეზე ვტრიალებ. ვიზრდები. ვიცვლები. ვქვრები. ხალხს ჰგონია სენტიმენტალური ვარ. ისინი არ მიცნობენ. ჩემზე საუბრობენ. დასკვნებს აკეთებენ. ცდებიან, მაგრამ არ მაქვს ბრძოლის ძალა. გაქცევა მინდა. შენსავით. თვალებს ვხუჭავ. მახსენდება ჩახუტება. კოცნა. სითბო. არაფხიზელი ვარ, მაგრამ არ არის საკმარისი. რადგან ისევ მაქვს ფიქრის ძალა. გავუფასურდი. რატომ მაქებენ ადამიანები? რა მოსწონთ ჩემში? ეს კითხვები არ არსებობდა, მაშინ როდესაც ვცდილობდი კარგი ვყოფილიყავი. მაგრამ, გავფუჭდი. დავლაქავდი. გავხდი ის, ვისაც თავად ვაკრიტიკებდი. მე არ მომწონს ჩემი თავი. განა იმიტომ, რომ თქვენზე უკეთესი არ ვარ. მე მეტი შემეძლო. მაგლები ჩემში ჯადოქარს ხედავენ, ჯადოქრები კი მაგლს. არასტანდარტული ვარ. უცხო ვარ. დაკარგული ვარ. არ ვიცი რისი კეთება მსურს. ხალხს არ უყვარს დაფასება, ხალხს უყვარს შეფასება. მე კი არ მჭირდება ჟიური. დამღალა არსებობამ და მინდა, რომ გავქრე. თითქოს ფრთები მომაჭრეს. სულ ვეცემი. ჩემზე სხვანაირად ფიქრობენ. მე მოვკალი საკუთარი თავი. ამის შესახებ არ იციან. ისევ გიყურებ. შორიდან. ვერ გიშორებ. მინდა, რომ კარგად იყო. ეს ტკივილები, არ მემეტება შენთვის. ეს სიცარიელე კლავს პოტენციალს. შენ ამისთვის არ დაბადებულხარ. მინდა, რომ ანათებდე. ის იყო ჩემი გზის მანათობელი. სანთელივით წმინდა. მაგრამ ჩაქვრა. ამიტომ ვქრები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი