მხიარული ზაფხული


ეს რა მალე დამთავრდა
მხიარული ზაფხული?..
მოდი, ყველას მოვუყვეთ
ვინ სად იყო წასული.
ზოგი მთაში გახლდათ და
ზოგიც ზღვიდან დაბრუნდა.
ზოგმა სულაც კუს ტბაზე
მოახერხა გარუჯვა.
მთაში მყოფი სვანებს და
სვანეთს აქებს დემეტრე,
მაღალ კოშკებს იხსენებს,
ჰყვება ლამაზ ლეგენდებს.
ტასო ზღვაზე ყოფილა,-
ცურვა თითქმის ისწავლა,
ზღვა ისე მოეწონა,-
სხვაგან უკვე არც წავა...
ნენემ ოზურგეთიდან
შეიყვარა გურია,
ასე მღერის: გურია
მართლაც საამურია...
ზუკამ ბრძანა ზაფხულში
ჯობიაო კახეთში,-
ვნახე გრემი, იყალთო,
წინანდალი, გარეჯი!
იკამათეს კარგა ხანს
სად ჯობია ზაფხულში
დასვენება, გართობა
რომელ კუთხე- კუნჭულში.
ერთმანეთთან რა გზებმაც
არ უნდა დააშოროს,
ყველა მხარეს სახელად
ჰქვია მაინც სამშობლო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი