მეგობრობა


თურმე ერთი ჩიტუნია
ფრთამალი და ფრთახატულა
ხის ტოტებში მიმალულა,
გასუსულა, განაბულა.

სუნთქვაშეკრული ცახცახებს,
ვერ იკავებს ცრემლებს ვერა,
ხეს გოროზად დასტრიალებს
ავად მომზირალი ძერა.

”დავიღუპე” - ტირის ჩიტი,
ისე ტირის, ვერც კი ამჩნევს:
”მორჩა, ვერსად გავექცევი
ამ ბოროტი ძერის კლანჭებს!”

”მეგობარო, რა მოგსვლია?
ასე მწარედ რატომ მოსთქვამ?”
შემოესმა უცებ მტირალს
იქვე, ახლოს, ფუღუროდან.

”როგორც იქნა, დავაძინე,
შენ კი გამიღვიძე ბავშვი”
ფუღუროდან იმზირება
დედა ციყვი, უკან დღნაშვი.

”ბოდიშს ვიხდი, არ მინდოდა”,
შიშით სულ მთლად აკანკალებს:
”ჩემი საქმე წასულია,
ხედავთ? ძერა მითვალთვალებს”.

”ჰმ, უყურე, რაებს ბედავს,
საძაგელი, ურცხვი, ფლიდი,
არაფერი გამოუვა,
მოდი, ჩვენთან შემოფრინდი.

გიმასპინძლებთ მთელი გულით,
მეც და ჩემი ციცქნა დღნაშვიც,
ხან ასეა, ხან ისეა,
რა არ ხდება ცხოვრებაში.”

ჩიტუნია ატკრციალდა,
დაავიწყდა სულ მთლად შიში:
”არასოდეს დავივიწყებ
თქვენს სახლში რომ შემომიშვით.”

”გაიგონე? ხარბო ძერავ,
მეგობრები დამიცავენ,
შენი აღარ მეშინია,
ვეღარაფერს დამიშავებ.”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი