თარგმანში დაკარგულები


*(ჩემი ოცნების მამაკაცი ნამდვილად არ ხარ — ალბათ, სიბერეში ჩემი ყველაზე ტკბილ-მწარე მოგონება უფრო).*
 I
შიში და გაოცება ერთად დამეუფლა, როცა შესაძლო ნაცნობებში პირველად ვნახე მისი ფოტო. შიში — იმიტომ, რომ ვინ იცის, რა მანიაკი იყო, და გაოცება — რადგან პროფილი ისე მაქვს ჩაკეტილი, ახლობლებიც ვერ მპოულობენ და ამან, ჩემს მეზობლად მომუშავე მუშამ, როგორ, რანაირად?
სანამ გაჩერებიდან ოფისამდე მივალ, ჯერ ამათი მშენებლობა უნდა გავიარო. ვიცანი, რადგან სულ კარებშია ატუზული. დრო იცის უკვე, სავარაუდოდ, ჩემი და მელოდება. არ მეშლება, ის თვალებია, კი, ყოველ დილით ბეტონმრევის ხმაურში რომ მაცილებენ. ჩემი დაცული, პატარა სამყაროს კარი ამ ბიჭმა, თავისი ტალახიანი ჩექმებითა და ყვითელი ჟილეტით, ისე შემოაღო, თითქოს არც არსებულა.
კვირა ისე გავიდა, არაფერი მომხდარა, არცერთი არაფერს ვიმჩნევთ. დაძაბულობაც ჩემში ხალისმა ჩაანაცვლა — ეს დუმილის თამაში მომწონდა კიდეც. უწყინარი, კუნკულიკა ბიჭია, იზამდა აქამდე რამეს, რამის თავი რომ ჰქონოდა. სამსახურში წამოსვლა რიტუალად მექცა, სარკესთან უფრო მეტს ვჩერდები ჩვეულებრივზე. არაფერი შეედრება, როცა იცი, რომ ვიღაცისთვის შენი დანახვა იმ დღის მთავარი მოვლენაა.
მისი პროფილი ხომ გამოვიკვლიეთ სიღრმისეულად გოგოებმა, თუმცა ზოდიაქოს ნიშანიც კი ვერ დავადგინეთ, ვერაფერი პირადი. ვერც ის ამოვხსენით, თუ საერთოდ როგორ მიპოვა. ბევრი კითხვა დამიგროვდა, მოკლედ, და ველოდებოდი პასუხებს მშვიდად.
 II
იმ დღეს კი, ზედ ჩემი ფანჯრის ქვეშ რომ დადგა რვა-ათი ყვითელჟილეტიანი და ჩემს მეტი ოფისში რომ ვერავინ „ხვდებოდა“, თუ რა უნდოდათ აქ, გამიჩნდა პირველი ეჭვი. ნუ, თავიდან ეჭვი კი არა, ვფიქრობდი: „მეთქი, დაადგა საშველი ამდენ მოლოდინს და მარჩიელობას. გაუბედავია, როგორც ვვარაუდობდი, მარტო მოსვლა ვერ გარისკა, ლამის მშენებლობა გააჩერა ჩემ გამო და მთელი ბრიგადა მომაყენა სარკმელთანო“. დაქალსაც კი ჩავუგდე: „მგონი, სერენადისთვის ემზადებიან-მეთქი“.
შესვენებაზე გასულმა პირდაპირ გადავჭერი გზა და უკანაც ასე დავბრუნდი, იმათთან რომ არ გამევლო — მეწვალებინა ცოტა. მოკლედ, ერთ ამბავში ვარ, აღტყინებულ-ატაცებული, და სანამ გზას გადმოვკვეთდი უკან, თავის ჩვეულ ადგილას არ შევნიშნე ეს ჩემი ცოდვით სავსე?! ჩემი ფანჯრის ქვეშ არათუ არ მდგარა, არც კი გამოუხედავს აქეთ.
აი, მაშინ ვიფიქრე პირველად: „მოვწონდი კი საერთოდ? იქნებ ვაზვიადებდი? მინიმუმ, რატომ არ გამომიწერა მაინც?“
საერთოდ, რატომ ჩამითრია ამ მუშაზე ფიქრმა ასე? უნდა ვისწავლო ფიქრების კონტროლი. ვის რა დავაბრალო, თვითონ ვინადგურებ ნელ-ნელა თვითშეფასებას და ვფლანგავ ჩემს ქალურ ენერგიას... ვისზე?! როგორ მშვიდად ვიყავი და ახლა?..
 III
არ გასულა დიდი დრო ამ ეჭვის გაჩენიდან და ჩვენს მორიგ უხმო პაემანზე, როცა ის ისევ მშენებლობის კარებში მელოდებოდა, მე კი ცარიელ ტროტუარზე მივნარნარებდი და ოცდაათიოდე ნაბიჯიღა მაშორებდა, რომ გავსწორებოდი — შევიდა. ხო, აი ასე, მოისროლა სიგარეტი, არ დაელოდა ჩემს ჩავლას და შევიდა. მკვდარმა გავიარე ის მანძილი. დაკეტილი კარისკენ და ჯერ ისევ ანთებული სიგარეტისკენ ძალაუნებურად გამექცა თვალი და მკვდარი შევედი ოფისში.
ნაგავი. რა იყო ეს, რატომ ეწინააღმდეგებოდა თავის თავს? არ მეშლება, არ არსებობს, შეუძლებელია ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყოს ეს ყველაფერი. მოვწყინდი, ალბათ. როცა მოუნდება ფოტოებში დაძვრება, როცა უნდა — ცოცხლადაც მხედავს. მოიწყო ცხოვრება ბიჭმა! არა, ეს ასე არ დამთავრდება, სამყარო არ დაუშვებს ჩემს ასეთ დამცირებას ვიღაც ამოგანგლული ..არაკაცი... სპეციალურად შევიდა, ის მუშებიც სპეციალურად დააყენა და ყველაფერი გათვლილი ჰქონდა წინასწარ. ახლა ნახოს! პროსტა წავასწრო, რომ მიყურებს კიდევ,გავგლიჯავ შუაზე მართლა.
 IV
მკითხველო, ამ ქალბატონმა კიდევ რამდენიმე დღე უნდა იაროს გამწარებულმა მაგ გზაზე და რამდენიმე თვეც — თვალების ცეცებით, სანამ მიხვდება, რომ წავიდა იქიდან თავისი ყვითელჟილეტიანი სამუდამოდ. ამიტომ, ჩვენ დრო რომ არ დავკარგოთ, ქალაქის მეორე ბოლოში გადავინაცვლოთ იმ იდუმალებით მოცულ ბიჭთან.
ზის ერთ მომცრო კაბინეტში და ამ მომენტში ისიც გოგოზე ფიქრობს. გოგოზე რა — სად მუშაობდა ცოტა ხნის წინ, მაგაზე და ახლა სად იყო. კმაყოფილია ღმერთითაც და თავისი თავითაც, თუმცა სიხარულზე მეტად მომავალ მიზნებზე შემართულობას გრძნობს.
ხოდა, მშენებლობაზე ფიქრისას ის გათხოვილი, მარა რა გოგო გაახსენდა! არ დადიოდა იქ მასზე უკეთესი, იდეალური ქალი იყო და ლამის მიწერა ამანაც — აი, სულ ცოტა დააკლდა და რომ არა ფოტოებში წამოპლაკვული ქმარი და შვილი, აუცილებლად მიწერდა კიდეც.
„მოდი, ვნახავ ისევო“, — გაიფიქრა. ჯერ მისი ოფისი იპოვა, როგორც მაშინ, მერე — უფროსი, და უფროსის მეგობრებში უკვე თვითონ გოგოს პროფილზე გადავიდა.
გადავიდა და შეცბა პირველივე ფოტოზე. ვიღაც დაღვრემილი, მოტეხილი ქალი შემოჰყურებდა ხელში ბუშტებით და ტანზე რაღაც „ბუშლატით“. დაბადების დღეს ულოცავდნენ, მარა რავიცი, რავიცი... „ხომ არ შემეშალაო“, — ერთი კი გაჰკრა, მაგრამ ქვევით რომ ჩასქროლა, ის იყო, კი, ის — ნებიერა ფოტოებით, ძლივს რომ ამოიცნობდი პირველ სურათზე.
— კი მარა, რა დაემართა ამ ჩემისასო? — ჩაილაპარაკა გაოცებულმა.უყურა ცოტა ხანს კიდევ, მერე გათიშა ტელეფონი და ნამწვებით სავსე საფერფლეში ჩაასრისა სიგარეტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი