შური
დარჩა მარტო.სახლშიც,მრავალშვილიან და სიცოცხლით სავსე ოჯახში და სამსახურშიც,სადაც უამრავი ადამიანი ეხვია გარშემო.ყველგან თეთრი ყვავივით იყო,ყველგან გამიჯნული და თავის თავში ჩაკეტილი მუდო.სიკვდილი იყო ლოგიკური დასასრული,იცოდა.ნერვიულობდა,სვამდა,ეწეოდა,მაგრამ არა კვდებოდა, უფრო გადამჭრელი ზომების მიღება იყო საჭირო და მაგ გზაზედაც იდგა,მწიფდებოდა ნელნელა.ტექნიკური მხარე იყო გადასაწყვეტი მხოლოდ,როგორ,რა ფორმით უნდა გამოსალმებოდა სიცოცხლეს და აი მანდ იჭედებოდა ყოველთვის და ნებდებოდა იმ აზრს,რომ ჯერ სამზეოზე უნდა დატანჯულიყო კიდევ ცოტა ხანს. როცა არ მუშაობდა იწვა,საჭმელად თუ ადგებოდა ხანდახან.ყავასაც კი ლოგინში მიირთმევდა.გარედან აღწევდა ბავშვების ჟივილ-ხივილი და სიდედრის დუდღუნი, ცოლის აღმზრდელობითი აყალ-მაყალი და ძაღლის წკმუტუნი.ეს კი ეგდო ოთახში, ერთი და იგივეს მერამდენედ გადაიმეორებდა ფიქრებში,არა ღლე ვიყავი ადრეც,უბრალოდ ვერ ვგრძნობდი ამას სანამ გულში ცეცხლი მენთოო,ჩაილაპარაკებდა ბოლოს და გადაბრუნდებოდა. ერთი ყველასგან ჩამოწერილი მეგობარი ჰყავდა,ლოთი და ჩხუბისთავი,იმასთან გარბოდა როგორც კი ცოლი მორიგ სტუმრიანობას დააპირებდა სახლში.არ შეეძლო ამ დაყენებული სახეების ყურება,ამიტომ დაითრევდა სასმელს და მიადგებოდა იმ ერთადერთ მეგობარს.იწყებოდა სმა და შემთვრალი მეგობრის მონოლოგი.იმ დღესაც ჩვეულებრივ დაიწყო ყველაფერი. არვიცი ეს თეთრია თუ შავი,მარა შენი მაგრა მშურს,ძმაო.რა გიჭირს რა, შვილები მაინცა გყავს,თან როგორები დახატულები,ჭკვიანები.მა მე რაღა ვთქვა,აღარავინ დამრჩა შენს მეტი.. არ უსმენდა მრავალჯერ მოსმენილს.ფბს ჩაშტერებოდა ტელეფონში,სადაც მის სახლში მიმდინარე წვეულების ფოტოები გამოეფინათ უკვე. მე შენი სახლისაც მაგრა მშურს ძმაო,ხო ხედავ მე სადა ვცხოვრობ,შენ კი სინათლით სავსე სახლი გაქვს,სიცოცხლით.გაუფრთხილდი.გინდა თეთრ შურად ჩამითვალე,გინდა შავად,ფეხებზე მკიდია.. როგორები იყვნენ,რა უხაროდათ ესე,ერთმანეთი?როგორ შეეძლოთ ყოფილიყვნენ ასეთი ნორმალურები და ერთხელ არ ამოვარდნილიყვნენ კალაპოტიდან?! და არსად მინახავს ცოლს ეგრე უყვარდეს ქმარი,როგორც შენ უყვარხარ.ეგეთი სიყვარული?!არვიცი ძმაო.აბა მე ერთი მიყვარდა და ისიც გათხოვდა.ხო გეუბნები მართლა მაგრა მშურს შენი.. მამაკაცები სხედან მომღიმარნი,ჯემპრებში,უკან ცოლები უდგანან ზომიერად ჩახატულნი,ნაზად ეყრდნობიან ქმრებს მხრებზე და მარტო მისი ცოლი ეყრდნობა ცარიელ სკამს. სახლში გაეღვიძა მეორე დღეს,თავი ჰქონდა გაბუჟებული,ვერაფრით გაიხსენა როგორ დაბრუნდა უკან.გაჭირვებით გამოლასლასდა ოთახიდან და მაშინვე გამომწვევად ჩაცმულ ცოლს გადააწყდა,რომელიც სარკის წინ ბზრიალებდა ღიღინით.გულში რაღაც ჩასწყდა.იქვე მწოლიარე ძაღლს დაუპირა მოფერება, ძაღლმა ღრენით უპასუხა და ხელზე წაეტანა საკბენად.სიდედრმა ცხელი წვნიანი შესთავაზა,მაგრამ მიტანისას ნახევარი ფეხზე გადაასხა.სჯეროდა,რომ არსებობდნენ ძალიან ცუდი დღეებიც და ეს ერთ-ერთი მათგანი უნდა ყოფილიყო.ამიტომ შებრუნდა ოთახში იმ ფიქრით,რომ დღეს რაც არ უნდა მომხდარიყო იქიდან აღარ გამოვიდოდა.შევიდა,ტელეფონის გაბმულ ზარს ჯერ აიგნორებდა,ბოლოს რომ აღარ გაჩერდა უპასუხა,მოისმინა ნათქვამი,ხო ვთქვი ცუდი დღეაო ჩაილაპარაკა და მოიკრუნჩხა საწოლზე.”აი რა ქნა თქვენმა დალევამ,ეს გინდოდათ არა” იმეორებდა მოსმენილს და ტვინს უჩაქუჩებდა ეს ფრაზა.ფიქრებმა წაიღეს და ნელნელა ხვდებოდა,რომ მისმა მეგობარმა ცხოვრებაში პირველად გადადგა ყველაზე გაბედული ნაბიჯი,აჯობა როგორც იქნა,ადგა და მოკვდა. დასაფლავებაზე ცოტა ხალხი იყო, ძირითადად სეირის მაყურებლები,ყველანი არაერთგვაროვანი გრძნობებით.და მხოლოდ ერთი მათგანი უყურებდა მეგობრის ცხედარს შურით, თეთრი შურით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი