ერთხელ საქართველოში
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა აღმოაჩინა, რომ ბიძამისი მისი ცოლის ბებიასთან ახლობლობას მალავდა.აქედან გამომდინარე,არც ცოლი ყავდა, თურმე, ცხოვრების ის ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული — როგორც ეგონა და რითიც ასე ამაყობდა ყოველთვის. მათი ქორწინება ოჯახებს შორის ანგარიშიანი გარიგება ყოფილა მხოლოდ. გოგომ ზეპირად იცოდა მისი ყველაფერი და საერთოდ არ გაჭირვებია იმ „ბედის საჩუქარი ქალის“ როლის გათამაშება. ასე დაიწყო ყველაფერი და რაც მეტს იკვლევდა ოჯახს, მით უფრო უშრებოდა ძარღვებში სისხლი. თვითონ ოჯახისთვის კი ყველაფერი გაცილებით ადრე. ჯერ კიდევ მის ბავშვობაში დაიწყო— ალუჩის მოსაპარად წასული, აცრემლებული რომ დაბრუნდა: „მოხუცი კაცი დავტოვეთ ღობეზე, წამყევით, ჩამომაყვანინეთო“, ალუჩის პატრონს ბავშვების მიერ გარედან ჩაკეტილი კარი რომ ვეღარ გაუღია,კიბით ამოსულა ღობეზე, გადმოუდია კიბე გარეთ და ბავშვებს კიბეც გამოუცლიათ. აქედან უკვე იცოდა ოჯახმა მისი გულჩვილიბისა და საქმეში გამოუსადეგარობის შესახებ. და ოჯახის გაგებაც შეიძლება. რა ქნეს ისეთი? პირიქით — ისე იდეალურად მოაწყეს ყველაფერი, კაცი რამდენიმე წელი თვლიდა, რომ მეორე ნახევრები მართლა არსებობდნენ და რომ მან თავისი უკვე იპოვა. ამას ხომ უნდოდა მოხერხება, წვალება, შრომა... არ ჩაძიებოდა ყველაფერს ასე და იქნებოდა ახლაც ბედნიერი. რა მერე? ღმერთისგან უნდა იყოს ქალი იქნება ეს თუ ცხოვრება მაინცდამაინც? ვერავინ — ვერც მისი და ვერც ცოლის ოჯახი — იფიქრებდა, რომ როდისმე მიხვდებოდა რამეს, მარა მიხვდა აგერ და აღარც ჩერდებოდა. მეტს და მეტს იკვლევდა, სვამდა პირდაპირ და უხერხულ კითხვებს. რა აღარ სცადეს. ჯერ თვითონ მიახვედრეს — „გაჩუმდი და გააგრძელე ჩვენი გაწერილი ცხოვრებაო“. მერე უბნის ბიჭებს მიმართეს: „ეკლესიაში წადი, ბრატ, ან მონასტერშიო“ — იმათმა,დიდი ვერაფერი. მერე უბნის პოლიციაც სცადეს ცრუ დასმენებით. „რამე ხელმოსაჭიდი გვინდაო“, — უთხრეს ოჯახს ფორმიანებმა. მაშინ მამამისმა, რომელთანაც ცხოვრობდა იმ დროს,შეუწყვიტა შემოსავლის წყარო, არც არავინ ასესხა,ისე მოხდა რომ არავის ჰქონდა კვერცხის და სიგარეტის ფულიც კი. სამდღიანი შიმშილის შემდეგ, ათლარიანი დადო მამამისმა თავის საწოლთან, ხოლო ბალიშის ქვეშ — უფრო მსხვილი კუპიურების ბღუჯა, და გავიდა სახლიდან. სათაგური მზად იყო თაგუნიასთვის. მართლაც, ფული რომ ნახა, მაშინვე სტაცა ხელი ამანაც და გაექანა მაღაზიისკენ. მერე — „მოიცა, ამ კრისას კიდე ექნებაო“ — და ბალიშის ქვეშაც იპოვა. ოცლარიანი აიღო მარტო, ფულის დასტიდან „მეყოფა, ცოდოაო“, და გავიდა. მაგრამ მაღაზიამდე არმისულს უცებ გონება გაუნათდა: „მომიწყეს! ზუსტად ეს უნდათ, ფული რომ ავიღო და მოპარვა დამაბრალონო“. შებრუნდა სახლში. საწოლის წინ, შემოსასვლელი კარის გვერდით მდგარ ცარიელ მაგიდაზე დადო ის ათლარიანი. თვითონ საწოლზე შეხტა პირდაპირ, წინა რიგებიდან რომ ენახა მამის რეაქცია და საბოლოოდ დარწმუნებულიყო მათ სისასტიკეში. მართლაც, დაბრუნებულმა მამამ თავის საწოლზე წამომჯდარი შვილი რომ ნახა, ვერ მოითმინა და პირველი იქით გაექცა თვალი, სადაც ათლარიანი დადო წასვლისას. — ფულს ეძებ, ხო? აი, მაგიდაზეა, — ცხვირით მიანიშნა, თან თვალს არ აშორებდა. და დუმილი. უხერხული დუმილი, დიდხანს... მოკლედ, არაფერმა გაჭრა. თხრიდა და თხრიდა თაგვი. წლობით ნაკოწიწები, უმწიკვლო რეპუტაცია ამდენი ხალხის კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა. ვიღაცეები დაუჯერებდნენ, თუ არ გაჩუმდებოდა, და გარეთ გამოსაყოფი თავი აღარ ექნებოდა არცერთს. აი, აქ გადაწყდა მისი საგიჟეთში გაშვება. სხვა გზა უბრალოდ აღარ იყო. საგიჟეთი ცოტა ხნით — და მერე რამდენიც უნდოდა, იმდენი ეკვლია და ელაპარაკა. ვინღა დაუჯერებდა გიჟს? გაუშვეს მართლაც ძაან მარტივად,ერთხმად და იცქვლიფებოდნენ ჩუმად: „მოუხდება ორი კვირით გიჟებში ყოფნა, ვნახოთ ერთი როგორ გაძლებსო“. მაგრამ საქმე პირიქით დატრიალდა — წამოსვლა აღარ უნდოდა, იმდენად სუფთა სულის ხალხში მოხვდა. ყველა — პაციენტები, მედპერსონალი და ერთი ზონიდან გადმოყვანილი ძველი ბიჭი — გაშლილი ხელებით მიეგება და შვილივით ჩაიკრა გულში. ნამდვილი შვება იყო აქ მოხვედრა, თითქოს ავდარმოსწრებულმა თავშესაფარი იპოვა. იქ ძველი ბიჭი ციხის ამბებს უყვებოდა — ზონა ამასთან შედარებით სამოთხეაო. იქ გოგოები ჩაიგდებდნენ ხელში, სულში იძვრენდნენ და უძვრებოდნენ, საყვარლად, არაშემაწუხებლად. ამდენი დაქალი ერთად არასდროს ყოლია. საღამოს კი, დანარჩენ ბიჭებთან და მედპერსონალთან ერთად, ფეხბურთს უყურებდა და გულწრფელად გულშემატკივრობდა. მოკლედ, პირველივე დღიდან დაავიწყეს, საიდან მოდიოდა. გოგოებიდან ერთი იყო, რომელიც არ ეკარებოდა ხალხში, მაგრამ როგორც კი თავის ოთახში შედიოდა სულის მოსათქმელად, ეს გოგოც მაშინვე მასთან ჩნდებოდა. ხან ვაშლს მიუტანდა, ხან შოკოლადს. რამე თუ იყო მიყრილი, ტანსაცმელი ან ლოგინი, მიასწორებდა სახეალეწილი — ზედ ეწერა, როგორ ნერვიულობდა. ხმას არ იღებდა, მალევე გადიოდა და ყოველი გასვლისას კარებში გაჩერდებოდა, ძალას მოიკრებდა და ჩუმად, თითქოს თავის თავს ეუბნებაო, ჩაილაპარაკებდა: — ჩემებს უკვე ვუთხარი და როცა წამიყვანენ აქედან, შენც ჩემთან მოდიხარ, გაემზადეო. გოგოს მართლა არაფერი ჰქონდა დასაწუნი, პირიქით — ცოლს რომ ადარებდა, ბევრად ჯობდა, მაგრამ ვერ ხედავდა ქალს მასში. ბავშვი დაინახა თავიდანვე. მარტო ამ გოგოში არა — ყველა იქ მყოფ პაციენტში და ვერაფრით ვეღარ ხედავდა სხვანაირად მათ. და ვითომ ადვილი იყო ამ ბავშვის მოტყუება.ფიქრობდა,ცოტა ხნით ვარ და უჩუმრად და სიტყვის უთქმელად გავეპარებიო,მაგრამ გული არ უშვებდა. ბოლოს იმაზე გაჩერდა — ცოლიანი ვარ, ვეტყვიო. ასეც მოიქცა. როცა მორიგ ჯერზე იგივე შეახსენა გოგომ გასვლისას: — ცოლი მყავს და რას იტყვისო,შეაპარა.. გოგომ მთელი ამ დროის მანძილზე პირველად მიალურჯა გაოცებული თვალები. „მართლა ცოლიანი ხარო?“ — კი არ ჰკითხა, გაიაზრა უფრო, და პასუხს არც დალოდებია, ისე გავიდა. მას შემდეგ აღარც მისულა. ის კი არა, გარეთაც იშვიათად გამოდიოდა — ერთხელ მოკრა თვალი მარტო, შორიდან. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ შეცდა: უთქმელად უნდა გამოპარულიყო... თუმცა, რას გაიგებ. წამოსვლის დღესაც, როცა გარეთ არავინ ელოდებოდა, აქედან კი შენობის კიბეზე მდგარი მთელი მედპერსონალ-პაციენტთა დიდი ოჯახი აცილებდა,ის გოგო აკლდა მხოლოდ თვალს. მარტო ის არ გამოვიდა. და წლების შემდეგაც, როცა იგონებდა ამ ამბავს, თავს აჯერებდა, რომ იმ გოგომაც ფანჯრიდან ჩუმად გამოაცილა და რომ უფრო იმათიანი დარჩებოდა მუდამ, ვიდრე ამათიანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი