ვილი


-უიმეე, ვილი! – ესროლა ცოლმა ზიზღნარევ მზერასთან ერთად, როცა მისი ტექსტის კითხვას მორჩა.
არ გაკვირვებია. თავის თავი ამოიცნო ტექსტში უეჭველი ქალმა. ზიზღს რაც შეეხება, თვითონ ვილიმაც დაიჯერა კაი ხანია, რომ საზიზღარი იყო.
ვილი როგორ ეხლა — ვილი არ ერქვა სინამდვილეში. ბავშვებისთვის დაირქვა. პერსონაჟი შექმნა სახის მიმიკით, რომელიც იმ ნამდვილი საზიზღარის საპირისპირო თვისებებით გამოირჩეოდა, და შვილებთან ამ პერსონაჟით და თამაშ-თამაშით ურთიერთობდა. ცოლთან არასდროს უთამაშია, მარა ისიც ვილის ეძახდა რატომღაც.
წერა უყვარდა თავიდანვე. ლექსებს წერდა სიყმაწვილეში და იმდენი და ისეთი აქეს გარშემომყოფებმა, რომ დაიჯერა ამანაც. მცოდნე ხალხი იყო თან, ვიგინდარები კი არა  და როგორ არ დაეჯერებინა. მოკლედ, გადაწყვიტა სხვა მოკვდავთათვისაც გაეზიარებინა თავისი შედევრები და ერთ საიტზე დადო რამდენიმე ლექსი. იქ უკვე კრიტიკაც არა, პირადული ლანძღვის ნიაღვარი მოედინებოდა კომენტარებიდან.. დაიჯერა ესეც,ვერ კი გაიგო რა უნდოდათ,მარა ლექსებს შეეშვა სამუდამოდ.
მას მერე წერა აღარც გახსენებია და ეხლა, უკვე ზრდასრულმა და საზიზღარმა, გამოაცხო რაღაც ტექსტი. ისევ ისე დაავიწყდა ყველაფერი გარშემო და რომ გამოფხიზლდა, წინ სიტყვებით შექმნილი ნახატი ედო. წერაზე მეტად სხვას რომ აკითხებდა, ის სიამოვნებდა, ამიტომ დაუძახა მაშინვე ცოლს, ცდილობდა გამოეცნო კითხვის დროს, მოსწონს თუ არაო — და იმან კიდე: „უიმე, ვილიო“ და გავიდა.
წაშალა.
 წინა დღეს დაწყებული სამოტივაციო ვიდეო ჩართო  ისევ— როგორ უნდა უსმინო მხოლოდ საკუთარ თავს,არ გაითვალისწინო სხვა,აჯობო,გადაჯეგვო და მსგავსები. მოკლედ, ზეპირად იცოდა უკვე ესენი და გული ვეღარ დაუდო.
იმავე უბანში ერთი დაკეტილი ქოხი ედგა ხეხილიანი ბაღით და, რაც მთავარია, კასპელის საფლავით. მისი ძაღლი იყო, 13 წელი იმეგობრეს. აი იმას კი მართლა უყვარდა და იღებდა ისეთს როგორიც იყო. მოიცვა რაც მოხვდა ხელში და გაუყვა გზას. რთულ დროს ყოველთვის ეძახდა იქაურობა.
უკვე ახლოს იყო, როცა მეზობლის ცოლი შენიშნა, მაგრამ არა იმდენად, რომ სახლში შეესწრო. ვერ ასცდებოდა, უნდა მისალმებოდა. ეს ქალი უნიკალურ გამომეტყველებას იღებდა ყოველ მისალმებაზე — დაცინვისა და სიბრალულის ნაზავს რა ქვია, აი მაგას. გამარჯობასაც ისე მიუგდებდა, რომ ვილი აუხსნელ მადლიერებას გრძნობდა ამ ძირს დაგდებული გამარჯობისთვისაც.
მოკლედ, გასცდა როგორც იქნა,მიიკეტა ჭიშკარი და მიაშურა კასპელის საფლავს. თავად გათხარა ეს საფლავი, სიკვდილის ჩრდილი რომ დაატყო ძაღლს. არასდროს ცრემლი არ გადმოვარდნია და მაშინ იტირა ერთადერთხელ. კარგად ახსოვდა ის დღე. „საქმეს წინ წავიგდებო“, იფიქრა და დაიწყო თხრა. კასპელიც მალ-მალე აკითხავდა, ისე ცანცარით ვეღარ, მართალია, როგორც ახალგაზრდობაში, მარა ერთად ორივე კაი ხასიათზე იყვნენ ყოველთვის. ეხუმრებოდა „ხო ხედავ, კასპელ, პირში გიცინი და ზურგსუკან სამარეს გითხრიო“. 
იცინოდნენ.
მაშინ იყო,რაღაცაზე სახლში რომ შევიდა და დასცხო, ამოხეთქა... „ბიჭო, რა მჭირსო“, მოიწმენდდა და ისევ. ვერ ჩერდებოდა. ბოლოს ფიქრმა გაჰკრა: „კასპელს კი არა, საკუთარ თავს ვტირიო“ — და მაშინღა გაჩერდა. საერთოდ, კასპელის 13 წელი საუკეთესო მოგონება იყო მის ცხოვრებაში და რომ ფიქრობდა, საუკეთესო მოგონებები, უხარვეზო, მხოლოდ ოთხფეხებისგან ჰქონდა.
გამოერკვა,დრო ისედაც არ ყოფნიდა..გამოიტანა ქოხიდან ბარი,წერაქვი,გადაჭრილი თოფი და პალატკის  ნაჭერი, დაამაგრა ამ ნაჭრის ოთხივე კუთხე მაღლა ხეებზე, კარგად გაჭიმა და ზუსტად მის ქვეშ დაიწყო თხრა. ამოღებულ მიწას გაჭიმულ ნაჭერზე ყრიდა. შებინდებულზე გაჩერდა, მეტრანახევარზე მეტი ვერ მოასწრო.
 დაისვენა.
მერე  ჯერ თოფი ჩადო ამოთხრილში,ჩახტა თვითონაც და რამდენიმე ნახვრეტი გაუკეთა კარგად გამობერილ ნაჭერს, მაგრამ გახია სიმძიმემ   და მიწამ იმაზე სწრაფად დაიწყო ჩამოცლა ორმოში ,ვიდრე ელოდა."ერთი ამისიცო",გაიფიქრა. თოფის ლულა ნიკაპქვეშ მიიბჯინა და გამოკრა.
 სროლის ხმაზე ხალხმა დაიწყო მოგროვება და ჩოჩქოლი ჭიშკართან..ყველაზე მეტს მეზობლის ცოლი მოთქვამდა და ვიშვიშებდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი