პოეზიის ღელვის სიღრმეში


საუბარი ღმერთთან და დედასთან

არ შეიძლება დედაჩემი სხვა მხარეს იდგეს, 
გაეჯიბრება მონდომებით ცის მეყვავილეს, 
შენთან მოსულიც ისევ ისე უმღერის ჩიტებს, 
შენთან მოსულიც ეფერება ისევ, ყვავილებს.  
მისი სახე თუ მე ამ ქვეყნად ვეღარ ვიცანი, 
იმ ქვეყნად მაინც იგივეა, ნაკლებ ტანჯული, გამომეცალა ყველა გრძნობა მე- საფიცარი 
და ჩამოეხა ამ სამყაროს ცაზე სარჩული. 

ახლა ისეთი მკვეთრი არის, ისე უცვლელი, 
როგორც ის შენი დაკრეფილი- გულზე ხელები, 
ადრე გიკრეფდი მინდვრად ყვავილს და გავუძელი ყველას სიცივეს, ყველა ფიქრად სულ მეფერები. 

მოვა დედის დღე კიდევ ბევრჯერ, მე კი მოგიტან, 
უკვე ყვავილებს მისამართის სულ სხვა ნაპირზე, მომდის ცრემლები ასე, სულის მე ჭრილობიდან, 
შენ რომ გიხსენებ ყოველ ღამე ჩემთვის არის მზე. 

ის ყვავილები მთლად ჩამოწყდნენ, შენი კაბიდან, 
ის კი შევძელი ქვაზე ციცქნა ვარდი ეხატოს, 
შენი ღიმილი და შენი ხმა, მეტი რა მინდა, 
არ ვიცი რატომ არ დაგცალდა მეტი გეხატა. 

ვხატავ სიყვარულს, უკვდავებას, ჩემო მხატვარო, განშორებიდან მოკრულ დღეებს მოაქვთ სასმისი, ვაპირებ მთელი არსებობა- შენ რომ გატარო, 
მაშინაც როცა მთელ სამყაროს დრო გაასხვისებს.

------
სინამდვილის ილუზია

რას აღარ ვწერდი, 
ღმერთო ჩემო 
ვწერდი რას აღარ,
კაფიებს, ხანაც პოემებს და ზოგჯერ ჰაიკუს,
რომ ეს ცხოვრება ვერც სიკარგედ ვეღარ გასაღდა,
რომ სიყვარული ჩასჭკნობია გრძნობებს- თაიგულს.

ხან ზღაპრებს, ხანაც მოთხრობებს და 
სრულ ჩანახატებს,
პროზის უღელმა მძიმე დაღი ვერ იქონია,
მთელი სამყარო აღმეწერა
მსურდა ალბათ მე,
გადამეფარა მძიმედ სუნთქვის ეიფორია.

ვწერდი პატარა ფრაზებს,
დიდი აზრი თან რომ აქვთ,
ხან ზღაპრებს, 
ხანაც წამოვიწყე 
მთელი რომანი,
რომ არასდროს და არსად ვარგა მაინც მთავრობა,
რომ ვინც დაგტოვებს ყველა ხდება შენი მოვალე..

რომ ერთი გზა აქვს მაინც ყველას- კუბოს კარისკენ,
იქამდე ყველა მოძრაობა მოსასწრებია,
იცოცხლე, გწამდეს, სიყვარულიც, ვნებაც გარისკე,
დარჩი ერთგული,
ვიდრე წლები მოგადგებიან.
და წლების მერეც ერთგულება თუ ვერ შეძელი, 
სამყაროს მიღმა- 
რა აზრი აქვს სიყვარულს ასეთს,
მაინც მჯერა, 
რომ სიცოცხლე აქვთ სულებს დღეგრძელი
და არასდროს არ წყვეტენ ალბათ სიარულს გზაზე.

რას აღარ ვწერდი,
ღმერთო ჩემო,
რას არ ვამბობდი,
ზოგჯერ ვცდილობდი დაენახათ ჩემი სული და
მერე ჩემივე ნათქვამ სიტყვებს ჰოდა ვნანობდი,
მე ავუფეთქდი საკუთარ თავს ნდობის ჭურვიდან.

გამცემი ხალხიც,
მოღალატეც,
ყველა მინახავს,
ზურგს უკან მიწის გამთხრელიც და 
მიწის მიმყრელიც
რომელიც სიტყვით ბოღმას ანთხევს სულ რომ ინახავს,
სად დაგეტევა ჯოჯოხეთში ღმერთო, იმდენი..

რას აღარ ვწერდი,
წვიმიან გზებს, გვალვის სიმშრალეს,
ხან კი თავმდაბლად ვამბობდი, 
რომ არ ვარ პოეტი
და მე ყველაზე გულწრფელი კი
მაშინ ვიყავი,
როცა პატარა გოგო- დღიურს ვაწარმოებდი.

ნათია ასათიანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი

აღფრთოვანებული ვარ🥰🌟

ნათია ასათიანიმწერალი, ჟურნალისტი, ფოტოგრაფი2 წლის წინ

დიდი მადლობა, ანი.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი