აღდგომის სევდა
რაზე ფიქრობდი შენ, როცა კლავდი? ვინც კლავს- ის თავად რჩება მოკლული, თუნდაც ცდილობდეს ათასი ფანდით, რომ იყოს ისევ ხედ ამოსული. რაზე ფიქრობდი, როცა გასწირე? როდესაც კარი გაიჯახუნე? მე იქნებ უფლის ლოცვა ვარ- წრფივი და მის აღდგომას კვლავ ვიმსახურებ. რა გქონდა ფიქრად, როდესაც დუმდი? და თან გესმოდა, რომ გთხოვდნენ შველას, შენს ძველ სინდისში რომ ვერ დაბრუნდი, მხოლოდ ეშმაკი რომ მოგეშველა. თავად იუდამ იცოდა ის რომ, მას სამუდამო ზიზღი ელოდა, ღმერთო- შენ ჩემო სულო და სისხლო, შენში სამოთხე იკითხებოდა. ადამიანი ასეთად გაჩნდა, რომ უნდა ჯიჯგნოს, უნდა დატოვოს და ვინც ადამის პრინციპებს გასცდა, გარიყულია სულ და მარტოა. ჩვენ გვავიწყდება, ერთ დღეს, რა გვსურდა, მეხსიერების ყველა ღრიჭოში დატრიალებულ- ვრჩებით წარსულთან, რომელიც გვახრჩობს ზოგჯერ მის ობში. მაგრამ ხელები იმისთვის მოგვცეს, მაგრამ ფეხები რადგან გვაბია, ნიშნავს- რომ უნდა ვიბრძოლოთ ორჯერ მეტი ძალით და რაც გვირაბია მუდამ დავძლიოთ, ღმერთი აღსდგება, მკვდარი გულების ფეთქვის საბძელში, შუქი ყველა ბნელს ვერ მიადგება და არ ჩაასხამს სხეულს სხვა ძვლებში. კვლავ მოსვლა- სულის განტოლებაა, რომლის ამოხსნას რწმენით ვკადრულობთ და რაც ხელს გვიშლის- ხან გონებაა, რომელიც ხან გვაქვს ზურგზე აკრული. ჯვრის ტანზე მყოფი ღმერთი გარითმეს უკვე ათასჯერ, უსინანულოდ, ღმერთო- მე ჩემი გული დაგითმე და აქ, არ მარჩენ უსიყვარულოდ. და ახლა მოგვებს ვერსად ვიხილავთ და ახლა მწყემსებს სძინავთ დაღლილებს, ვერც გავიგებთ და ვერც განვიხილავთ, თუკი უფალი მოსვლას აპირებს. ტყვიების ზუზუნს, მოჭრილ სიყვარულს, გარდაცვლილ აწმყოს, რა გადაარჩენს, აქ ცოტას ნახავ- ყოფით მხიარულს, დარდსაც მიხვდები ალბათ დანარჩენს. სანთლების შუქში ლპება ჭრილობა და იღებ უხმოდ მდგომი სამძიმარს რომ დაივიწყეს ყველა პირობა არ გაგიყვანეს ისევ- ხანძრიდან. ზოგჯერ მგონია, რომ დაიწუნებს ადამიანი დღეს- ჩვილ იესოს, რად დაიბადა, იტყვის, მიწურში, ან დაბადება აპატიეს რომ? ნათია ასათიანი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი