მზე


წუხელ მზე მესიზმრა. იჯდა ცის პირას და ტიროდა, ოქროსფერი სხივები სცვიოდა თვალებიდან, ლამაზი იყო და მარტოსული. შემებრალა, მისვლა და ნუგეშისცემა გადავწყვიტე. რაზე დარდობ-მეთქი, შევბედე. 
-მე შენ გიცნობო, მითხრა. 
გამიხარდა და გავთამამდი, დახმარება შევთავაზე.
-ვერ დამეხმარებიო, სინანულით გაიღიმა. 
-ვცდი, არ მოვეშვი მე.
-კარგი, მაშინ მითხარი, თუ იცი, რამდენი ადამიანი მნატრობს სიცივეში, რამდენი-მწყევლის სიცხეში, მცხუნვარების გამო, რამდენი ლექსს მიძღვნის და რამდენი-მხატავს, მაგრამ თუ უფიქრია ვინმეს, რას ვდარდობ, რა მაწუხებს?
გამახსენდა ჩემი მისდამი მიძღვნილი ლექსები და შემრცხვა, არ გვიფიქრია, მზეო...ვუთხარი ძლივს.
-აი, მე კი ვზივარ აქ და არსად მივდივარ, თქვენზე ვფიქრობ...თქვენ ჩადიხართ და ამოდიხართ, თქვენ მტოვებთ და მიბრუნდებით, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია, დავიღალე, მეც მინდა ძილი და დასვენება, ახლა მართლა ჩავალ და ჩავქრებიო...
შემეშინდა უმისობის, შემატყო...წამოდიო, სხივი გამომიწოდა და გავყევი მზის ღამეში...აღარ ტიროდა. აღარც მარტო იყო. ათასწლეულების უძილო თვალებზე ვაკოცე და დაიძინა. მე გამეღვიძა...
P. S. თუ ვინმე როდისმე გაიხსენებს გოგოს, რომელიც ლექსებს წერდა, მინდა თქვან, მზით სავსე იყო მისი პოეზია და თავადაც მზეს ატარებდაო გულით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი