გამოთხოვება
სანთლების და ყვავილების სურნელით სავსე ოთახში შავით მოსილი ქალები ისხდნენ, სამუდამო ძილში წასულ თმაშევერცხლილ მოხუცს დასტიროდნენ, ფოტოდან ლამაზი ქალი კეთილი ღიმილით იმზირებოდა, თითქოს, ამბობდა, ნუ ღვრით ცრემლს, მე ღიმილი მიყვარდაო...უცებ უცნაურად გაირინდა ყველა და შემოსასვლელ კარს დაუწყო ცქერა. მხრებში ოდნავ მოხრილ კაცს ოთახში უხვად შემოსული მზის სხივები არამიწიერ იერს აძლევდა. იდგა და თითქოს, შესვლას ეკრძალვოდა. მერე ნელა გადადგა ნაბიჯი, ხელში გაცრეცილი ქუდი ეკავა და მხოლოდ მიცვალებულისკენ იმზირებოდა. მიუახლოვდა, დახედა და ყრუდ დაიკვნესა. ფრთხილად დაადო ხელი მხარზე, თქვა:-მე ჯერ კიდევ იმხელა გოგო მახსოვს, ამ მხრებზე ნაწნავები რომ ეყარაო და შუბლზე უნაზესად ეამბორა, მერე გასწორდა, წლებისგან თეთრად დათრთვილულ წამწამებზე ჩამოკიდებული ცრემლები დაკოჟრილი ხელით შეიმშრალა, თავი გააქნია:-არა, ვერ დავიჯერებო და წავიდა. მიდიოდა ბერიკაცი და თან მიჰქონდა გულში ჩამწყვდეული ცრემლები. ოთახში ვარდებისა და ტკივილის სურნელი იდგა. დღემდე არავინ იცის, ვინ იყო ის...იწვოდა კანდელი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი