გაუგზავნელი წერილი
შენამდე განვლილი დღეები მარაოსავით დავკეცე და შემოგინახე, რომ როცა მოხვალ, გავშალო, გაჩვენო რა გამოვიარე, როგორ მოვდიოდი, როგორ ვეცემოდი და ვდგებოდი, როგორ გეძებდი და მწამდი...არ შეგეშინდეს, შენ არ მოგკიდებ სატარებლად ჩემს წარსულს მხრებზე, შენიც გეყოფა. უბრალოდ, ხელი მომეცი, რომ ხანდახან, როცა ვიგრძობ, ძალა მელევა, შენმა თითებმა შემახსენონ-მარტო არა ვარ...ვიარე, იმდენი ვიარე, დომენიკოსაც შეშურდებოდა ჩემი, მაგრამ შენამდე, გულის მეტი, ვერაფერი მოვიტანე, რადგან სხვა ყველაფერი გზად დავარიგე, შენ არ შემხვდი, თორემ გულსაც დაგითმობდი...და მაპატიე... მაპატიე, უჩემოდ ჩავლილი შენი ცხოვრება, რომელსაც მე ვერ მივეცი სიყვარულისფერი სიხარული...ახლა მარაოსავით გავშლი ჩემს წარსულს და შენ იტყვი, რომ მშვენიერია იგი. მე კი მინდა შენთან ერთად დავწერო ახალი დღეების მატიანე...მე დავიბადე შენი სიყვარულის შობამდე რომელიღაც წელს და გარდავიცვლები შენი სიყვარულის შობიდან რომელიმე წელს...მიყვარდი, მაშასადამე, ვარსებობდი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი