ფარფატას დღიური


,,სიზმარში ვნახე, პეპელა ვიყავი. მაგრამ ვინ იცის, იქნებ, პეპელა ვარ და ადამიანად ყოფნა მესიზმრება?!"
/ჟ. ეკიზაშვილის ლექციებიდან/

ამ დილით გავჩნდი. როგორც კი თვალი გავახილე, ისეთი კაშკაშა სინათლე დავინახე, შემეშინდა და თვალები დავხუჭე. უფროსებმა გაიცინეს და მითხრეს, მზე ჰქვია ამ სინათლის ბურთს და ჩვენი მეგობარიაო. მეც გავიღიმე და უცებ მივხვდი, ფრენა შემეძლო. ფრთები დავიქნიე და მსუბუქად შევცურდი ჰაერის ტალღებში. ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი... დიდხანს ვლივლივებდი და სიცოცხლით ტკბობას ვსწავლობდი. ჩემი ფრთებივით ფერადი ყვავილები ყვაოდნენ ყველგან. მთელი დილა ასე გავატარე, ხან ერთს ვეალერსე, ხან მეორეს დავუსკუპდი გულზე, ხან მესამეს ჩავუქროლე ფრთების ნარ-ნარით და ვიგრძენი, როგორ გამომაყოლეს თვალი. ალბათ, მათაც უნდოდათ ფრთები...ერთ-ერთი სახლის ფანჯრიდან მუსიკის ხმა მომესმა. იქით გავფრინდი და ფარდაზე ჩამოვჯექი. ძალიან მოუხდა ჩემს ფრთებს მისი ფერები. ჩიტები, პეპლები და ყვავილები დაემწყვდია ქსოვილში მქარგველს ულამაზესი ძაფებით. სიამოვნებით მივეკარი და სმენად ვიქეცი. მელოდია ისე მომეწონა, თვალები დავხუჭე და ალბათ, მოსმენისას ჩამეძინებოდა კიდეც, უფროსების დარიგება რომ არ გამხსენებოდა უცებ...რაც გავჩნდი, ყველა იმას მიმეორებს, რომ ჩვენ ძილში დასაკარგი დრო არ გვაქვს. არც დავკარგე. ფარდაზე გამოსახულ მშვენიერებებს გამოვემშვიდობე და გამოვფრინდი. მუსიკის ნოტები მომაცილებდნენ...
შუადღე მოახლოვდა. დასასვენებლად ჩამოვჯექი და დავინახე, როგორ შეაშინა ჩიტმა ჩემი მეგობარი პეპელა. ფიქრები მომეძალა და მოვიწყინე. მივხვდი, რომ მეც ასე ვაშინებდი ყვავილებს, როდესაც მათ ზემოთ დავფრინავდი მთელი დილა. წავედი და ფრთებით თითო წვეთი წყალი მივუტანე წყაროდან. იქნებ, მაპატიონ...სახლში დავბრუნდი და ახალშობილ პეპლებს ზოგი რამ ვასწავლე, გავაფრთხილე, რომ ჩიტებს ერიდონ. გაიცინეს და ფრთების ქნევით გამომემშვიდობნენ. მგონი, არ დამიჯერეს. არა, მე ასეთი თავნება არ ვიყავი ამ დილით... 
მოსაღამოვდა. არ ვიცი, შესაძლოა, მეჩვენება, მაგრამ მგონია, რომ ფრთებს ისე მსუბუქად ვეღარ ვიქნევ, როგორც-დილით. თითქოს, შორს გაფრენაც აღარ მინდა. აქვე, ახლოს ფოთოლზე ჩამოჯდომა და სიმშვიდეში ჭრიჭინების მოსმენა მომწონს. ზოგჯერ მეგობრები დილანდელ ამბებს ვიხსენებთ და ვხალისობთ. ამბობენ, რომ მალე დაღამდება. ისიც გავიგე, რომ ღამესაც თავისი მზე ჰყავს, ოღონდ ის უფრო კეთილი ყოფილა, უყურებ და კი არ გაწუხებს, ან გწვავს, არა-თვითონაც გიცინის და გინათებს. კიდევ, ყური მოვკარი, ერთი უხუცესი, 100 საათის პეპელა ყოფილა და მას წვიმაც უნახავს თურმე. წვიმა მზის ტირილს რქმევია... 
დაღამდა. დავიღალე, რამდენი რამ მოვასწარი დღეს...ახლა თვალებს და ფრთებს დავასვენებ...იქნებ, ხვალაც დამჭირდეს...იქნებ...თუ...ნეტავ!,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი