გაქალთევზება
#ლექსები ნინო დარბაისელი გაქალთევზება (იუმორესკა) შენ ქალთევზა გინახავს? ამბობენ რომ მითია, მასზე ფიქრში სიცხიანს ეკომ ღამე მითია. სილამაზით - ვიცი, რომ ვერვის შევესილები, სიზმრად - ქალთევზებია, ტუჩებდაბრეცილები. ისე დაუბერიათ, მართლა ჰგვანან ქალთევზებს, იმათ გარეგნობაში თვალი იმ ძველ კვალთ ეძებს. ყველა ერთნაირია, “ლოპეც” ისე, რაც ია, ნასესხები ფულებით უყვართ ოპერაცია. ქალთევზებად ქცეულან ფულიანი ქალები, ჩამორჩენას დარდობენ იმათი დაქალები. ოღონდ ვინმეს აჯობონ, მტერს დაუვსონ თვალები! მოუმრავლდა სუყველას ვალები და ვალები. ასე მთელი ცხოვრება გასდით, განა წამები. სახეები გაუხდათ ტანჯვით განაწამები. ერთ თარგზეა აჭრილი, სადაც კი ლამაზია და ჰგონია, შეჰხარის მას მთელი ევრაზია. მე შევხარი, ბუნებამ, ღმერთმა როგორც ინება და ვთვლი, არის ამაო მეტი გულმოდგინება… შემხედვარე იმათი - უასაკოც - ნელია, ნეტა დარჩათ რაიმე კაცის საკოცნელია?! არაფერი ასხვავებს სირინოზს და სირენას… იტყვით, არ დააყენებს ნინო თავის სირ ენას, იტყვით, მე რა მადარდებს, გული შურით მევსება? მთელს ქვეყანას მოელის მალე გაქალთევზება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი