პროექტი ,, ბურძგლომერი”
#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა ეს ჩემი იუმორესკა 13 წლის წინანდელია, ლიტერატურულ საიტ “ურაკპარაკზე” ვიპოვე. თავის დროზე ინტერნეტში ავტორთა და მკითხველთა არცთუ მცირე მღელვარება გამოიწვია. წავიკითხე და მომეჩვენა, რომ აქტუალობა არც ახლა დაუკარგავს. ნინო დარბაისელი პროექტი: ''ბურძგლომერი'' ანუ პოეზიის შეფასების კრიტერიუმებისათვის კითხვა: როგორ ,,ამოწმებს''ლექსის დონეს თანამედროვე მკითხველი? აბურძგვლა-დაბურძგვლით ხომ არა? პასუხი: - სამწუხაროდ, ინტერნეტ-მკითხველთა ერთი ნაწილი, მართლაც, ასე აფასებს პოეზიას. მეტიც, ეს მკითხველები მიიჩნევენ, რომ ლექსის ავ-კარგზე მსჯელობა, მისი ლიტმცოდნეობითი ანალიზი გაუმართლებელია. მთავარი საზომი ლექსის ღირებულებისა კი ის არის, თუ რამდენად, რა სიძლიერითა და ხანგრძლივობით ბურძგლავს ან აჟრიალებს ან ტანში გაააჟიჟინებს კონკრეტულ მკითხველს მისი წაკითხვის ან მოსმენისას. ეს სულ ჩემი საყვარელი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ''ბრალი'' მგონია, უფრო ზუსტად, მისი ნაწარმოებისა ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა''. წამით დავუშვათ, ეს მართლაც ასეა: არ არსებობს ესთეტიკა და ლიტმცოდნეობა, მისი დარგები - პოეტიკა, ლექსმცოდნეობა, კრიტიკა და ა.შ, თავისი მეთოდებით, როგორ უნდა მოვახერხოთ დადგენა, თუ ვის რა სიძლიერითა და ხანგრძლივობით ბურძგლავს ან აჟრიალებს ამა თუ იმ ლექსის გაცნობისას ან, მაგალითად, როგორია მკითხველი საზოგადოების ბურძგვლადობა-ჟრიალებადობის საერთო კოეფიციენტი? იქნებ პარალინგვისტიკის, ბიოფიზიკისა და ფსიქო-ფიზიოლოგიის გადაკვეთაზე საფუძველი ჩაყროდა რაიმე თანამედროვე კროსდისციპლინარულ დარგს, - ბურძგლისტიკას ან ბურძგლოლოგიას, რომელიც მრავალი ინდივიდუალური და ჯგუფური ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით შექმნიდა უნიკალურ აპარატს - ბურძგლომერს. წარმოიდგინეთ, რა პერსპექტივები იშლება! შეიძენ პორტატიულ ბურძგლომერს, მოკალათდები შენთვის სადმე, მყუდრო კუთხეში, გახსნი კოლოფს, ამოიღებ აპარატს, რომელიც თანამედროვე წნევის საზომს ჰგავს, ამოიცვამ მაჯაზე, ღილაკზე ხელის დაჭერით ამოირჩევ ორიდან ერთ რეჟიმს: ბურძგვლას ან ჟრიალს. ჯერ წაიკითხავ, მაგალითად, დანტეს სონეტებს, დახედავ ელექტრონულ--ციფრულ ეკრანს, ჩაინიშნავ, რამდენი ბრძგ/წმ ან ჟრ/წამია, მერე საკუთარ ნაწერისასაც გაზომავ და ხელად გაიგებ, რამდენით ჩამორჩები ან უსწრებ დიად კლასიკას. მერე თანამედროვეთა კრებულებსაც მოსინჯავ. ოღონდ... ოღონდ წიგნის მაღაზიებსა თუ აფთიაქებში ეს აპარატი არაფრის დიდებით არ უნდა გაიცეს იმ მომხმარებლებზე, რომელნიც არ წარმოადგენენ მრგვალი ბეჭდით დამოწმებულ ცნობას, რომ არაუადრეს ექვსი თვისა, გავლილი აქვთ ტესტი მგრძნობელობაზე. რადგან ბურძგვლა-ჟრიალი, გარდა ლექსის მოწონებისა, შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშანი ზოგიერთ გამღიზიანებელზე, მაგ., ფანჯრის მინაზე სილიკონის სველი ნაგლეჯის კრაჭუნ-წრიპინზე, მუყაოსა და ფურცლის გახახუნებზე, ბურღვის ხმაზე, განსაკუთრებით დანტისტის კაბინეტში და ა.შ. და რაც მთავარია. ბურძგლომერის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ 18 გრადუს ცელსიუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში, თორემ სულ ზაფხული ხომ არ იდგება, მოვა შემოდგომა, მერე ზამთარი, დაიწყება ჩვენებური სიცივეები და მერე არკვიე, რისი ბრალია შენი ბურძგვლა-ჟრიალი, რომელიმე ფორუმელი მეგობრის ლექსის სტრიქონების გახსენებაზე მოგერია თუ შეგაცია ან გრიპის ვირუსი შეგეყარა. ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, უმალ გამოჩნდებოდა ბურძგლომერის საკომპიუტერე ვერსიაც, რაღაც ვებ კამერის მსგავსი. მიაერთებდი კომპიუტერზე, შეხვიდოდი, მაგალითად, პორტალ ,,ლიტერატურა.ჯი-ზე'', წაიკითხავდი ახალ ლექსს, პროზასაც, აღარ დაგჭირდებოდა კომენტარის წერა, აზრის დასაბუთება, შეფასების ექვსბალიან სისტემაზე ფიქრი, კითხვას დაამთავრებდი თუ არა, ავტომატურად გამოჩნდებოდა შედეგი, რეიტინგებიც შესაბამისად ბრძგ/წმ-თი ან ჟრ/წმ -თი დაჯამდებოდა. ვერავინ ვერავის შეედავებოდა. შვებით ამოისუნთქებდა პორტალის მრავალტანჯული ადმინი...სხვა რაღაა სამოთხე! ისე, გამოგიტყდებით, პირველი თავად შევიძენდი ამ აპარატს, ოღონდ განვადებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი