ვაცური


#ლექსები

ნინო დარბაისელი


ვაცური
(იუმორისტული)

სიტყვები    კლიშედ ქცეულნი,  ხეტიალისგან ცვდებიან,
იფიტებიან, ბაგეზე არავის აცივდებიან.

აი, “სამშობლოს ღალატი” - სინტაგმა არის  როგორი!
იტევს - მომხდარს თუ მოუმხდარს,  იტევს მართალს თუ  მოგონილს,

ყველზე მოდურ გამოთქმად  დღეს გვაქვს  “სამშობლოს ღალატი”, 
მხარე მხარისკენ ხელს იშვერს,  ყველაა - ყველას ჯალათი.

“მოღალატეა! “- ვინმეზე იტყვი ომახით  თავიდან? 
მერე - ხმარებით -  სულ გაცვეთ, ჩასაცმელ- მოსართავითა.

 სხვას - გამოუტან  განაჩენს,  უცებ ფაქტებსაც გააჩენ,
თვლი,   თვითონ - გეპატიება, მაღალი ღმერთი დაგარჩენს!
 
რაც კი რამ მოგაფიქრდება, უცებ ოპონენტს ატენი,  
სულ სხვებზე მიუითითებენ   - თავადვე მოღალატენი. 

თავს  თვით - ერთგულად მიიჩნევს, დანარჩენს   - ღალატს აბრალებს,
როგორ გაურბით ბატკნები ამ ახალ მამა აბრამებს.

შორამდე სწორად ვერ აღწევს  ნამდვილი ინფორმაცია.
 ვერ ვარკვევ, ვინ დააშავა, ვინ - განტევების ვაცია.

და ვერაფერი  გავიგე ამ თამაშისა და მოდის! 
თუ ყველა არის მართალი, მტყუანი - ვინღა გამოდის?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი